რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პოლიტპატიმარ ალექსეი ნავალნის სახელით (რომლის წინააღმდეგაც ამჟამად "ექსტრემიზმის" ბრალდებით კიდევ ერთი სასამართლო პროცესი დაიწყო) სოციალურ ქსელებში გაჩნდა ახალი პროექტის შესახებ განცხადება.
ნავალნი ამ პროექტს უწოდებს "სიმართლის დიდ სააგიტაციო მანქანას". მისი თქმით, აგიტაცია მიმართული იქნება ომის წინააღმდეგ და რუსეთში 2024 წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის ნაწილი უნდა გახდეს.
ნავალნი ლაპარაკობს გარდაუვალ მარცხზე, რომელიც მოჰყვება უკრაინაში რუსეთის შეჭრას. "პუტინმა თავი სულელად წარმოაჩინა სამხედრო სფეროში, უნიჭო მთავარსარდლად. მაგრამ პოლიტიკაში ის სულელი არ არის. მან იცის, რომ ყოველი პოლიტიკური ქმედების საფუძველი იდეა და სიტყვაა. აგიტაცია და დარწმუნება", - ამბობს ნავალნი და მიიჩნევს, რომ ომის საწინააღმდეგო აგიტაციამ გავლენა უნდა იქონიოს ამომრჩეველთა არჩევანზე და ზოგადად საზოგადოებრივ აზრზე.
ალექსეი ნავალნის 9 წლით აქვს პატიმრობა მისჯილი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, თაღლითობის ბრალდებით. თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა მის დევნას პოლიტიკურად მიიჩნევენ. ნავალნის მიერ დაარსებული "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და აკრძალულია.
ნავალნის კიდევ სამი ათწლეულით ემუქრება პატიმრობა - 19 ივნისს დაიწყო ახალი პროცესი, რომელზეც მას ექსტრემიზმის ბრალდებით ასამართლებენ.