გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ სოსო მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ბრალდებულის პატიმრობის შუამდგომლობით გორის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა.
გამოძიების ვერსიით, 17 ივნისს გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის მიმართ იძალადა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ფრანკლინის კლუბის“ მიერ დაგეგმილი კონფერენციის გაპროტესტებამდე, 17 ივნისს ვატო შაქარიშვილის მოძრაობის წევრები ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებისთვის ლექცია უნდა ჩაეტარებინა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბორჯომში ჩასვლამდე გორში თავს დაესხა მოქალაქე და ფიზიკურად გაუსწორდა. ზურა ჯაფარიძემ ლექციის ჩატარება ვეღარ შეძლო.
17 ივნისს ბორჯომში ჩასული ვატო შაქარიშვილის მოძრაობის წევრები სასტუმროს მიმართულებით ისროდნენ ქვებს, კვერცხებს, იქ მყოფ ადამიანებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოძრაობის, "საქართველო უპირველეს ყოვლისა", დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი 17 ივნისს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის დეტალებზე ფეისბუკში წერდა.
"გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება".