კინოს კონტროლი წარსულში დარჩა, [თუმცა] სამარცხვინო ფილმები არ უნდა გადაიღონ - ამბობს კობახიძე

ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში გადაღებული ფილმების შინაარსი წინა ხელისუფლების დროს კონტროლდებოდა და ახლა - აღარ. ამ საკითხზე მან ლაპარაკი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები უკავშირდებოდა თუ არა ფილმ "მოთვინიერებას", რომელიც აღწერს პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობის პროცესს.

ერთი მხრივ, კობახიძე ამბობს, რომ ფილმების შინაარსი აღარ კონტროლდება, მეორე მხრივ კი აღნიშნავს, რომ მსგავსი "სამარცხვინო შინაარსის" ფილმი არ უნდა დაფინანსდეს.

"თვითონ ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ უბრალოდ სამარცხვინოა. თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ ეს სამარცხვინოა, რაც გადაიღო კინოცენტრის დაფინანსებით კონკრეტულმა რეჟისორმა. ბიძინა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული იმ პარკის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს... ამ ფაქტზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ სამარცხვინოა...

მაინცდამაინც სამარცხვინო ფილმი უნდა დააფინანსოს?! ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა. მე ასე ვხედავ - როცა აბსურდს აფინანსებ, ამას ვერ ექნება ვერანაირი გამართლება... კინოცენტრი ხომ ხელისუფლების მიერ კომპლექტდება, [მხოლოდ] ამ მხრივ ერევა კინოცენტრის საქმიანობაში ხელისუფლება. მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული, სწორი შინაარსის [იყოს]. კრიტიკულიც შეიძლება იყოს ფილმი, პოლიტიკურად სენსიტიურიც შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც აბსურდზე იღებ ფილმს, ეს, რა თქმა უნდა, გაუგებარია", - თქვა კობახიძემ.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკპოსტები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და ითხოვდნენ კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება" ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ ბაღზეა, სადაც ხეები საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ადგილიდან არის მიტანილი და ჩარგული. ფილმი კინოცენტრის დაფინანსებით არის გადაღებული და სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობრივი პროდუქციაა.

ამ ფილმთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს. როგორც კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაგა ჩხაიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში უთხრა რადიო თავისუფლებას, თეა წულუკიანს არ მოსწონდა ის, რომ დენდროლოგიური პარკი ამ ფილმში ბიძინა ივანიშვილის პირად ბაღად არის დახატული.

"მოთვინიერების" მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „Sundance-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. „Sundance-ის" კინოფესტივალის ოფიციალურ ვებსაიტზე ფილმი ასე იყო დახასიათებული: „ეს არის პოეტური ოდა ადამიანის და ბუნების მეტოქეობაზე“.