მშვიდობა რუსეთის ფედერაციის პირობებით, ისევე როგორც "კონფლიქტის გაყინვა", მიუღებელია, ამიტომ უკრაინამ "უნდა გააძლიეროს პოზიციები ბრძოლის ველზე მომავალი მოლაპარაკებებისთვის", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Welt-თან ინტერვიუში.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის "ნაჩქარევი" სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგია.
„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ მშვიდობა რომ იყოს ხანგრძლივი, ის უნდა იყოს სამართლიანი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელიც აცხადებს, რომ სამხედრო წარმატებები გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების დროს.
"რაც უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლება შეუძლია უკრაინას, მით უკეთესი კოზირები ექნება მას მოლაპარაკებების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად", - დასძინა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადების ფონია აფრიკის ქვეყნების ლიდერების სამშვიდობო მისია უკრაინასა და რუსეთში. სამხრეთ აფრიკის, ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერები 16-17 ივნისს ჯერ უკრაინაში ჩავიდნენ, შემდეგ კი - რუსეთში, სამშვიდობო წინადადების შესათავაზებლად. როგორც "როიტერსი" იტყობინება, მათ მოამზადეს მოსკოვსა და კიევს შორის ნდობის აღდგენის გეგმა, რომელმაც ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს უნდა გაუხსნას გზა.
16 ივნისს გეგმა უარყო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, მოლაპარაკებები შეუძლებელია მანამ, სანამ რუსეთი ქვეყნიდან ჯარებს არ გაიყვანს. 17 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი "ღიაა დიალოგისთვის", მაგრამ ამისთვის მზად არ არის უკრაინა.
- უკრაინის სამშვიდობო გეგმა, რომელიც ზელენსკიმ წარუდგინა მსოფლიო საზოგადოებას, ითვალისწინებს რუსეთის ფაქტობრივ კაპიტულაციას, ჯარების გაყვანას, ზიანის ანაზღაურებას და სასამართლო პროცესს ომის დამნაშავეებზე.
- მაისში გამართულ კონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ კიევის წინადადებები ერთადერთია, რომელსაც სამშვიდობო გეგმა შეიძლება ეწოდოს.
- შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ასევე გამოხატეს მხარდაჭერა კიევის ამ "მშვიდობის ფორმულის" მიმართ.