ჩინეთის ბანკმა რუსებისთვის ევროპასა და აშშ-ში იუანში გადარიცხვები შეზღუდა

13 ივნისიდან ჩინეთის ბანკმა (Bank of China) შეზღუდა რუსული ბანკის მომხმარებლებისთვის ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში ჩინურ ვალუტაში საბანკო გადარიცხვის შესაძლებლობა.

როგორც სააგენტო RBC იტყობინება ერთ-ერთი რუსული ბანკის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ჩინეთის ბანკმა შეაჩერა ფულადი გზავნილები საკორესპონდენტო ანგარიშების საშუალებით არა მხოლოდ იუანში, არამედ აშშ დოლარში, ევროსა და ჰონგ-კონგის დოლარებში. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, შეზღუდვები დაკავშირებულია მეორადი სანქციების რისკთან.

რუსეთის საბანკო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსებისთვის შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა ჩინეთმა, არამედ - შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების ფონზე.

RBC-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინურ ვალუტაში გადარიცხვების წილი ევროკავშირსა და აშშ-ში მცირეა იუანში მთლიან გადარიცხვებთან შედარებით. ასეთი ოპერაციები შეიძლება გამოეყენებინათ კერძო ინვესტორებს ან ბიზნესის წარმომადგენლებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უპრეცედენტო სანქციების ზეწოლას დაექვემდებარა. ევროკავშირმა კერძო ბანკების მიმართ შეზღუდვები იმით ახსნა, რომ ისინი სახელმწიფოს "მნიშვნელოვან შემოსავალს" აძლევენ და ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.