პეტროზავოდსკის მერი ამბობს, რომ უკრაინაში საომრად წავა, როგორც ბატალიონ „ახმატის“ წევრი

ბატალიონი "ახმატი" ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა შექმნა

პეტროზავოდსკის მერმა ვლადიმირ ლიუბარსკიმ განაცხადა, რომ ჩეჩნური ბატალიონის, "ახმატის" შემადგენლობაში უკრაინაში აპირებს საომრად წასვლას. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ წერს.

ლიუბარსკის თქმით, შვებულებაში ყოფნის დრო მომზადება გაიარა ჩეჩნეთში მდებარე რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტში და პეტროზავოდსკში ჩაფრინდება, რათა საქმეები თავის მოადგილეს გადააბაროს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უკრაინაში საომრად წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე რუსმა მოხელემ მიიღო. 2022 წლის ნოემბერში ჩიტის მერი ალექსანდრე საპოჟნიკოვი გაემგზავრა უკრაინაში, მაგრამ ივნისში განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფრონტზე დაბრუნებას ვერ შეძლებდა.

სექტემბერში რუსეთის მმართველი პარტიის გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა განაცხადა, რომ პარტიის ოთხი სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მიმართა თხოვნით რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში უკრაინის ფრონტზე გაგზავნის შესახებ.

  • ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "დასავლეთი-ახმატი" და "აღმოსავლეთი-ახმატი", რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ. ჩეჩენთა ქვედანაყოფები უკრაინის წინააღმდეგ ომში მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული.
  • აპრილში უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში შექმნილი 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი ქალაქებში ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობდა.
  • ნოემბრის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია.
  • რამზან კადიროვი, რომელზეც უკრაინამ ძებნა გამოაცხადა, იშვიათად ადასტურებს ცნობებს უკრაინაში დანაკარგებზე. გამონაკლისთა შორის იყო ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული განცხადება, რომ უკრაინაში მოკლულია 23 ჩეჩენი მებრძოლი