ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი, დაკავებების მაისის სტატისტიკას აქვეყნებს. დე ფაქტო „კაგებეს“ ცნობით, გასულ თვეში, ე.წ საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე 49 დამრღვევი დააკავეს. „მათგან ათმა დაარღვია სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი, ხოლო 39-მა - სასაზღვრო ზონის რეჟიმი“, - იუწყება დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური.
„დამრღვევები დაექვემდებარნენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ზოგიერთი მათგანის მიმართ ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩატარდა. 18 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, სამი პირი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ გაძევებას, 21 პირი გააფრთხილეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 2 პირის მიმართ. გადაწყვეტილება ხუთ მოქალაქეზე არ არის მიღებული“, - აცხადებენ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურში.
როგორც წესი, გაძევებულ მოქალაქეებში დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობს. ასეთი კი მაისის თვეში სამი პირი იყო. ამ სტატისტიკის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მავთულხლართების და სხვა ბარიერების მიუხედავად, გადმოსვლის მსურველი ბევრად მეტი იყო, მაგრამ ისინი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.
საოკუპაციო ძალა და დე ფაქტო „კაგებეს“ ე.წ სასაზღვრო სამსახური ასევე აცნობებს დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს და სტუმრებს, რომლებიც გეგმავენ მოგზაურობას ცხინვალის რეგიონის ე.წ სასაზღვრო ზონაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე დასასვენებელ ადგილებში, თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები: პასპორტი, სამსახურებრივი მოწმობა, არასრულწლოვანთათვის კი დაბადების მოწმობა. ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ე.წ სასაზღვრო ზონაში შესასვლელად აუცილებელია წინასწარ აღებული სპეციალური საშვის ქონა, რომელსაც დე ფაქტო "კაგებე" გასცემს.