კიევი აცხადებს, რომ რუსეთის იერიშების მიუხედავად უკრაინის არმია წინსვლას აგრძელებს

საავიაციო თავდასხმის შედეგი დონეცკის ოლქში

გასული დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქი უჰლედარი 20-ჯერ დაბომბა. ამის შესახებ სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არის ნგრევა.

თავდასხმები მოხდა ასევე სუმიში, ზაპოროჟიეში, ჩერნიჰივში, ხერსონსა და სხვა რეგიონებში. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ყველა დაბომბილი რეგიონის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ განადგურდა არაერთი სახლი თუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი.

ამასობაში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები რამდენიმე მიმართულებით მიიწევენ წინ და ტაქტიკური წარმატება თითქმის ყველგან აქვთ. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთის არმია ფრონტის სხვადასხვა უბნიდან ხსნის სამხედრო ნაწილებს, რათა გაზარდოს საცეცხლე ზემოქმედება ბერდიანსკისა და მარიუპოლის მიმართულებით.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 17 ივნისს შემაჯამებელ განცხადებაში აღნიშნა, რომ პარასკევს რუსეთის არმიამ იერიში მიიტანა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრზე. სამინისტროს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ იერიშმა დასახულ მიზანს მიაღწია და ობიექტი განადგურდა. უკრაინულ მხარეს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.