"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შემდეგ, ამ დროისთვის დაუდგენელი ჯგუფი ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც ახალგაზრდული ბანაკის წევრებისთვის ამ პოლიტიკოსს ლექცია უნდა ჩაეტარებინა. ერთ-ერთი მოქალაქე, ანა ყურაშვილი აცხადებს, რომ საუბარია 60-მდე ადამიანზე.
"ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" "ფეისბუკის" გვერდზე ვრცელდება ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც - ადამიანი, რომელიც ამ ამბის შესახებ ჰყვება, ამბობს, რომ მათ ესვრიან ქვებს და საღებავებს, გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, თუმცა იმ დროისთვის მისული არ იყო. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, თუმცა უწყებაში ჯერ ვერც იმას ამბობენ, მივიდნენ თუ არა ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დილის 10:00 საათზე გავრცელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არც ამ საკითხზე გაკეთებულა კომენტარი.
"ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება", - წერს ანა ყურაშვილი, პარტიის წევრი.
ასევე ნახეთ ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - აცხადებენ პარტიაშიმოძრაობა "აი იას" ლიდერი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც ორგანიზაცია გია გაჩეჩილაძესთან ("უცნობთან") ერთად დააფუძნა და იყო პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, "ფეისბუკში" წერს ამ თავდასხმის დეტალებზე.
"გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება", - ამბობს შაქარიშვილი, რომელიც ასევე არის კონსერვატიული გაერთიანების - “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ლიდერი.