ღარიბაშვილი ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს შეხვდა

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, რომელსაც ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი ხელმძღვანელობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი, შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს".

პრესრელიზის თანახმად, „საუბარი შეეხო არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა".

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს აშშ-სა და საქართველოს სამაგალითო თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მზადყოფნის, თავდაცვის შესაძლებლობების, მდგრადობისა და NATO-სთან თავსებადობის ამაღლებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯიის შტატის გუბერნატორს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში რაიან ჰარისი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი.

საქართველოში აშშ-ის საელჩის ცნობით, ბრაიან კემპი პირველი ამერიკელი გუბერნატორია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ჯორჯიის შტატი, განსაკუთრებით კი მისი ეროვნული გვარდია, ათწლეულებია საქართველოს ახლო პარტნიორები არიან, იწვრთნებიან და მსახურობენ ერთად.

გუბერნატორმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გახსნა მოხუცთა თავშესაფარი.

„გუბერნატორ კემპისთვის გამორჩეულად საამაყო იყო სოფელ წილკანში აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნა. ეს პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მრავალმხრივია ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივი ძალებით", - ვკითხულობთ საელჩოს ცნობაში.

სოფელი წილკანი. ბრაიან კემპმა გახსნა აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრი.