საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელის - "მაკდონალდსის" მფლობელი, თემურ ჭყონია ამბობს, რომ ამ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ ცნობილი მომღერლის, ელტონ ჯონის შესახებ ბროშურების გავრცელებისთვის, მასთან შეთანხმებული არ იყო. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს არის კომპანიის "დირექტორის კატასტროფული მოქმედება".
"ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური მაკდონალდსი აკეთებს. არც ვიცოდი ამ განცხადების შესახებ, შეხვედრაზე ვიყავი, გული კინაღამ გამისკდა. რა დღეში ჩამაგდეს...
განცხადებაში არც ახსნა არ იყო საჭირო - ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?!. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია, ერთ დღეს აკეთებდე ერთს და მეორე დღეს იხდიდე ბოდიშს - არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ არის, უბრალოდ, ზოგს უნდა გაიგოს, რომ პროპაგანდაა...
მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან ამ თემას, არ ვიცი", - ამბობს ჭყონია.
მანვე აღნიშნა, რომ განცხადება, რომელშიც კომპანია ბოდიშს იხდიდა, მისი მოთხოვნით წაიშალა "ფეისბუკიდან".
დღეს, 16 ივნისს კი კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ "მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას".
"აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, „მაკდონალდს საქართველოს“ აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება", - ეწერა განცხადებაში.
რამდენიმე საათში განცხადების ის ნაწილი, რომლითაც კომპანია ბოდიშს იხდიდა, შეიცვალა, მოგვიანებით კი საერთოდ წაიშალა ტექსტი.
ასევე ნახეთ "მაკდონალდსმა" ელტონ ჯონის შესახებ წიგნის გამო ჯერ ბოდიში მოიხადა, შემდეგ კი წაშალა განცხადებაჭყონიამ რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინაც მისცა ინტერვიუ, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ელტონ ჯონის ბიოგრაფიის შესახებ ბროშურის გამო კომპანია "მაკდონალდს საქართველო" გააკრიტიკა.
"არ გამოადგებათ ეს თემა უბრალოდ, იმდენად პოპულარულია "მაკდონალდსი"... ანტიდასავლური თემა ყველა ქვეყანაშია, ამერიკაშიც არსებობენ კომუნისტები, მაგრამ დომინანტური არ არის, ხო? საქართველოში მოსახლეობის 90%-ს თუ ევროკავშირის და NATO-ს წევრობა უნდა, ანტიდასავლური თემა როგორ გაიმარჯვებს? მცდელობა ყოველთვის იქნება. ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და "მაკდონალდს" რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა?" - ამბობდა ჭყონია.
ასევე ნახეთ ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და "მაკდონალდს" რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა? - ჭყონია ბრალდებებს პასუხობს