შსს იძიებს თბილისიდან ბათუმში მიმავალი ავტობუსის დაწვის მიზეზებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, რატომ დაიწვა 15 ივნისის ღამეს თბილისიდან ბათუმში მიმავალი 50 მგზავრზე გათვლილი ავტობუსი და ვინ არის დამნაშავე. პოლიციაში უკვე გამოკითხს ავტობუსის მფლობელი კომპანია "მეტროს" თანამშრომლები.

კომპანია "მეტროში" რადიო თავისუფლება უთხრეს, რომ ავტობუსი, რომელიც გუშინ ავტობანზე დაიწვა, 50 მგზავრზე იყო გათვლილი და ბილეთები სრულად გაყიდული ჰქონდათ. კომპანიის მენეჯერი, ანა კერძევაძე აღნიშნავს, რომ მგზავრებს ზარალი პრაქტიკულად არ მიუღიათ.

"როგორც კი შენიშნეს პრობლემა, დარეკეს კომპანიაში. არცერთ მგზავრს არ აქვს დაზიანებები. როგორც ვიცი, საბარგულიდან ჩანთების და ჩემოდნების გამოღებაც მოხერხდა - მხოლოდ სალონში არსებული წვრილმანი ნივთები ყურსასმენები და დამტენები დაზიანდა. როგორც კი გავიგეთ ხანძრის შესახებ, ახალი ავტობუსი გავგზავნეთ დაახლოებით 50 წუთში და ბათუმში წაიყვანა მგზავრები", - ამბობენ კომპანიაში და დასძენენ, რომ ავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით - სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან ორ წლამდე პატიმრობით. უწყებაში აცხადებენ, რომ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისიდან ბათუმში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის აღაიანის მონაკვეთზე დაიწვა.