ხაბეიშვილი: გურჯაანში სწრაფად უნდა მოხდეს ზარალის დათვლა და მოსახლეობის სრულად დაკმაყოფილება

15 ივნისი. ლევან ხაბეიშვილი გურჯაანში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.

გურჯაანში, სტიქიის ზონაში ჩავიდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ის ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩავიდეს გურჯაანში და მოსახლეობას დაეხმაროს.

„მერია და გუბერნია ვერ ეყოფა ამ საქმეს. მე ადგილზე ვიქნები ხვალაც და მზად ვარ ფიზიკურადაც დავეხმარო გაწმენდით სამუშაოებში. ამასთან პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, რადგან სწრაფად უნდა მოხდეს ზარალის დათვლა და მოსახლეობის სრულად დაკმაყოფილება. დატბორილია სახლები, აგრარული ბაზარი, კომერციული ფართები, წყალმა წაიღო გზა და მანქანები, ამიტომ მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცის. ბიუჯეტზე და სარეზერვო ფონდებზე მათ მიუწვდებათ ხელი, ამიტომ სწრაფი რეაგირებაა საჭირო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გურჯაანში მდინარე ნავთისხევის ადიდება გამოიწვია, მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ნაწილი დატბორა. დაზიანებები გამო გაზის ნაწილზე გადაადგილება აკრძალულია.

ასევე ნახეთ დაზიანებული გზები, ავტომობილები და სახლები - სტიქიამ გურჯაანი დააზარალა

გურჯაანის მერიის წინასწარი ინფორმაციით, დატბორილია ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, კომერციული ფართები და სხვა ნაგებობები, რომლებიც თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ადგილზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. სახანძრო მანქანებით კი წყლის ამოტუმბვა ხდება.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემები არ მოიპოვება იმის შესახებ, რამდენი ავტომობილი დააზიანა მოვარდნილმა წყალმა, თუმცა ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს რომ წყალმა წაიღო სულ მცირე 10 ავტომანქანა, რომლებიც ავტოსადგომებზე იყო გაჩერებული.
სტიქიის გამო გურჯაანის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ინტერნეტი.