ქართული ოცნება სავალუტო ფონდს შეთქმულების თეორიაში ხვევს

სად მიიყვანს „ქართულ ოცნებას“ IMF-თან დაპირისპირება?

„ქართული ოცნება“ ბოლოდროინდელი ნაბიჯებით კონფრონტაციას იწყებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება მორიგი შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც, სავალუტო ფონდს სურს, „საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა“.

დაპირისპირების საფუძველი სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი წაყენებული პირობაა, პატივი სცეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. სადამდე მიიყვანს მმართველ გუნდს ეს გზა?

დავიწყოთ IMF-ისა და „ქართული ოცნების“ გამყოფი ხაზიდან - ეროვნული ბანკის (სებ-ის) გარშემო განვითარებული მოვლენებით.

ცვლილებები ეროვნულ ბანკში

სებ-ის გარშემო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოვლენები ასე განვითარდა:

  • ბოლო პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილებას ვადა 2 მარტს გაუვიდა და ახალი პრეზიდენტი ოთხი თვის შემდეგაც არ აურჩევიათ;
  • მთავრობა არ ენდობა მის დროებით შემცვლელს, ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს, - რომელსაც IMF-ი, თავის მხრივ, საქმიანობას უწონებს;
  • „ქართული ოცნების“ ინიციატივით ეროვნული ბანკის კანონში შესული ცვლილებებით, მესტვირიშვილი ჩამოშორდება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და პოსტს გადაულოცავს „პირველ ვიცე-პრეზიდენტს“;
  • ვინ იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, უახლოეს პერიოდში უნდა გაირკვეს. მოლოდინია, რომ ამ პოსტს დაიკავებს ნათია თურნავა, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 13 ივნისს დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე. და ეს გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) მოწოდების მიუხედავად.

ასევე ნახეთ როგორ იგებს „ოცნება“ ბრძოლას ეროვნული ბანკისთვის

კენჭისყრამდე IMF-ი აცხადებდა, რომ ვეტოს დაძლევის „ვერანაირ გამართლებას“ ვერ ხედავდა. პირიქით, - „გაოგნებული“ იყო იმით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ იმუქრებოდა ვეტოს დაძლევით.

ახალი შეთქმულების თეორია

13 ივნისს, სანამ პარლამენტი კენჭს უყრიდა ვეტოს დაძლევას, პროსამთავრობო მედიამ, „იმედმა“, სავალუტო ფონდის კრიტიკა დაიწყო - და ახალი შეთქმულების თეორია გაავრცელა.

ანდრია გვიდიანმა, - რომელსაც პროსამთავრობო ტელეარხები ხშირად იწვევენ, როგორც ეკონომიკის ექსპერტს, - ახალი თეორია განავითარა, რომელიც სამ ძირითად მტკიცებაზე დგას:

  1. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თან „[ვანო] მერაბიშვილის კადრია“, თან „სავალუტო ფონდის აგენტი“;
  2. IMF-ი „მესამე წელია ხელოვნურად ამცირებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს“, რითაც „ნეგატიურ მოლოდინებს“ ქმნის;
  3. ეს ყველაფერი დაკავშირებულია „გარე და შიდა ძალების კოორდინირებულ მოქმედებასთან, რომლის მიზანია, ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს, ვითარება აირიოს და საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა“.

იმავე დღეს, ვეტოს დაძლევისას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე IMF-ი გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემაც, - მანაც ეკონომიკური ზრდის „არასწორ პროგნოზზე“ ილაპარაკა:

მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

„არ ვიცი, რატომ არის სავალუტო ფონდი „გაოგნებული“ პირველი მოადგილის სტატუსის შემოღებით. „ინსტიტუტის ჩამოქცევა ყოფილა“ ეს. ზუსტი ახსნა არ მაქვს ამისი, - ისეთი, რომ აქ ტრიბუნაზე ითქმებოდეს, და არა კულისებში… დიახ, არსებობს რაღაცები კულისებში, რის გამოც ვიღაცებს უნდათ, სადღაც თავისი ადამიანი ჰყავდეთ“, - თქვა მან.

ვეტოს დაძლევის შემდეგ სავალუტო ფონდს აღარაფერი უთქვამს.

კონტექსტი და რეპუტაცია

IMF-ის კრიტიკა არ არის უცხო არც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის და არც აკადემიური წრეებისათვის. სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები თუ, ზოგადად, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მისეული ხედვა ხშირად გამხდარა საკამათო, მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც კონტექსტია მნიშვნელოვანი.

ეკონომისტი, ყოფილი დიპლომატი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ამჟამად „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) არარეზიდენტი მკვლევარია, დღევანდელი საქართველოს კონტექსტს ასე აღწერს:

  • „ევროკომისიისგან მიღებული გვაქვს რეკომენდაციების 12 პუნქტი, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ინსტიტუტების დამოუკიდებლობა;
  • საქართველო წლის ბოლომდე ელის გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე;
  • ივნისის ბოლოს ველით ბრიუსელში, ევროკომისიაში არაფორმალური შუალედური ანგარიშის წარდგენას რეკომენდაციების შესრულებაზე;
  • ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, - გარდა იმისა, რომ კონსტიტუციით არის გარანტირებული, - მნიშვნელოვანია IMF-თან თანამშრომლობის ფორმატში“.

სავალუტო ფონდი, ვეტოს დაძლევის წინ, „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებდა, რომ ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობდა „საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განგრძობად პოზიტიურ და ძლიერ თანამშრომლობას მიმდინარე შეთანხმების ფარგლებში“.

ელგუჯა ხოკრიშვილი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) არარეზიდენტი მკვლევარი

მხარდამჭერ პროგრამაზე საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ტრანშის პირველი ნაწილი 40 მლნ-ის ოდენობით უკვე ათვისებულია. მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას სავალუტო ფონდი, სავარაუდოდ, ივნისში მიიღებს.

პარლამენტარი რომან გოცირიძე, - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2005-07 წლებში, - აცხადებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის გაჩერება უარყოფითი სიგნალი იქნება

  • მსოფლიო ბანკისთვის,
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის,
  • აზიის განვითარების ბანკისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებისთვის.

„ეს არის რეპუტაციის დაზიანება და საინვესტიციო კლიმატის გაუარესება“, - ამბობს რომან გოცირიძე.

მთავრობა, სებ-ი და IMF-ი - მოკლე ისტორია

IMF-ის კრიტიკის, მასთან დაპირისპირებისა თუ ურთიერთობების დაძაბვის გამოცდილება საქართველოსაც აქვს. ბოლო სამივე ხელისუფლების პირობებში. და ხშირად ეს უთანხმოება სწორედ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე გადიოდა.

ვარდების რევოლუციამდე, 2002-03 წლებში, IMF-მა საქართველოსათვის ვალის გამოყოფა შეაჩერა მთავრობის უუნარობის გამო, საგადასახადო პოლიტიკა [გადასახადების შეგროვება] მოეწესრიგებინა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის ივნისში IMF-მა დაამტკიცა ახალი, სამწლიანი, „სიღარიბის შემცირების“ $144 მლნ-იანი პროგრამა, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო განვითარებადი ქვეყნისთვის. იმავე ზაფხულში IMF-ი საგადასახადო განაკვეთების მკვეთრი შემცირების წინააღმდეგ გამოვიდა. ამაზე პასუხად, ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ, - რომელიც ამ საგადასახადო რეფორმის სულისჩამდგმელი იყო, - „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში IMF-ს „სოციალისტებისაგან შემდგარი აბსოლუტურად იდიოტური ორგანიზაცია“ უწოდა.

კახა ბენდუქიძე, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშივე, 2007 წლისთვის ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ პოსტი დატოვა. ცენტრალურ ბანკს მომდევნო 2 წელი აღარ ჰყოლია პრეზიდენტი.

„ოცნების“ მმართველობისას დაპირისპირება მოხდა 2015 წელს, ლარის მკვეთრი გაუფასურების პერიოდში, გიორგი ქადაგიძის პრეზიდენტობისას. ვალუტის დევალვაციამ, ერთი მხრივ, იმპორტირებულ საქონელზე ფასები გაზარდა, მეორე მხრივ კი, უცხოურ ვალუტაში სესხების მომსახურება გააძვირა. ამაზე პასუხისმგებლობას „ოცნების“ ხელისუფლება აკისრებდა ეროვნულ ბანკს, რომელსაც ენმ-ის მმართველობისას, 2009 წელს დანიშნული გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა.

სავალუტო ფონდი მთავრობასა და ეროვნულ ბანკს თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა ისე, რომ მთავრობას „პატივი ეცა ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობისთვის“. ცენტრალურ ბანკზე პოლიტიკური თავდასხმები არ არის საუკეთესო გზა წინსვლისათვისო, აცხადებდა მაშინ IMF-ი.

„პოპულისტური თუ ავტორიტარული მიზნები“

ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების დოქტორი ია ერაძე „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, რომ ყველა იმ კონფლიქტში, რომელიც ისტორიულად წარმოქმნილა საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, ვხედავთ, რომ:

  • „მთავრობა ცდილობს, უფრო მეტად მოაქციოს საკუთარი გავლენის ქვეშ ეროვნული ბანკის პოლიტიკა;
  • სავალუტო ფონდი შემოდის, როგორც მხარე, რომელიც იცავს ეროვნულ ბანკს და უპირისპირდება მთავრობას;
  • ყველა ეს კონფლიქტი ფუჭია, რადგან იგი არ ემსახურება არც ეროვნული ბანკის ფუნქციურ გარდაქმნას და არც სავალუტო ფონდის პოლიტიკების ფუნდამენტურ კრიტიკას“.

ამ კონფლიქტებში საქართველოს მთავრობას პოპულისტური ან ავტორიტარული მიზნები აქვსო, გვეუბნება ია ერაძე და ამ მიზნებს შორის „მოსახლეობის წინაშე ქულების დაწერას“ და „ავტორიტარული მმართველობის სადავეების გაძლიერებას“ ასახელებს.

ია ერაძე, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების დოქტორი

„ჩვენ შეგვიძლია, სავალუტო ფონდი არაერთი რამის გამო ვაკრიტიკოთ. მაგალითად, იმისთვის, რომ მივიღეთ ტექნოკრატიული ინსტიტუტი ეროვნული ბანკის სახით, რომელიც მოწყვეტილია ჩვენს, საზოგადოების ეკონომიკურ საჭიროებებს. მაგრამ სავალუტო ფონდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი კრიტიკა ეროვნული ბანკის ეკონომიკური განვითარების ველში მობრუნებას არ ემსახურება. ის ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს არის მორგებული. და სწორედ ამ რთული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გვიწევს, ავტორიტარული მთავრობის თავდასხმისგან დავიცვათ ეროვნული ბანკი, რომელიც, თავის მხრივ, გარდაქმნას საჭიროებს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ია ერაძის თქმით, ფუნდამენტური კითხვაა, თუ როგორი ეროვნული ბანკი უნდა, რომ ჰქონდეს საქართველოს, - „და ამ საკითხზე არც „ქართული ოცნება“ და არც ოპოზიცია არ საუბრობს. თუმცა ეს დისკუსია ფუჭი იქნება სახელმწიფოში, სადაც არ იქნება დემოკრატიის, გამჭვირვალობის და სანდოობის მაღალი დონე“.