აშშ-ის უმაღლესი რანგის ოფიცერმა მარკ მილიმ უკრაინის არმიის იერიში შეაფასა

გენერალი მარკ მილი. რამშტაინი, გერმანია. 21 აპრილი, 2023.

აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ უკრაინის არმიის მიერ დაწყებული კონტრშეტევის მიმდინარეობა შეაფასა.

მილი, რომელიც უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიცერია, ამბობს, რომ უკრინის ძალები თანდათან აღწევენ წარმატებას, თუმცა იერიშის საფასური, სავარაუდოდ, მაღალი იქნება და ბრძოლა - უკიდურესად რთული.

„უკრაინამ იერიში დაიწყო - და ისინი თანდათან წინ მიიწევენ. ეს ძალიან მძიმე ბრძოლაა. ის ძალზე სასტიკია და დიდხანს გასტანს, ფასი კი მაღალი იქნება,“ თქვა გენერალმა მილიმ.

„მილის თქმით, უკრაინის არმია გამოირჩევა ლიდერების კარგი თვისებებით და მაღალი მორალური სულისკვეთებით, რასაც ვერ ვიტყვით რუს სამხედროებზე. მათი ლიდერები ყოველთვის არ მოქმედებენ ერთობლივად, მათი ჯარის მორალი დაბალია და ისინი სხედან თავდაცვით პოზიციებზე. ბევრ მათგანს არც კი ესმის, რატომ მოხვდა იქ,“ თქვა ამერიკელმა გენერალმა რუსეთის არმიის შესახებ.

მილი მონაწილეობს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ხუთშაბათს იმართება ბრიუსელში. შეხვედრაზე ჩავიდა ასევე უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ოლექსი რეზნიკოვი.