გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) გასულ წელს გააფრთხილა უკრაინა, რომ არ მოეწყო „ჩრდილოეთის ნაკადის“ წყალქვეშა გაზსადენების საბოტაჟი, მას შემდეგ, რაც უწყებამ მიიღო ინფორმაცია ნიდერლანდის სადაზვერვო სამსახურებისგან, რომ მზადდებოდა გაზსადენებზე თავდასხმა.
რამდენიმე ევროპული და ამერიკული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობები კიდევ უფრო აღრმავებს საიდუმლოებას ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენების გარშემო, რომლებიც სერიოზულად დაზიანდა სექტემბერში მომხდარი აფეთქებების შედეგად. ინციდენტის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება.
აფეთქებების შემდეგ, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთი დაადანაშაულეს 26 სექტემბრის ინციდენტში, რომელმაც დანიის კუნძულ ბორნჰოლმის აღმოსავლეთით მდებარე მონაკვეთზე გაანადგურა ტყუპი მილსადენები. აფეთქებების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მილსადენებში ნარჩენი გაზი წყლის ზედაპირზე ამოვიდა ბუშტების სახით.
უკრაინის მთავრობამ არაერთხელ უარყო თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა.
მილსადენები, რომლებიც რუსეთმა ააგო, გათვალისწინებული იყო რუსული გაზის პირდაპირ გერმანიისა და ევროპისთვის მისაწოდებლად უკრაინის, პოლონეთისა და იმ სხვა ქვეყნების გვერდის ავლით, რომლებსაც მოსკოვთან მტრული ურთიერთობა ჰქონდათ.