საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 შესასრულებელ რეკომენდაციას შორის მეხუთეა და მასზე 27 წევრი ქვეყანაა შეთანხმებული. ელჩი აღნიშნავს, რომ ისინი საქართველოსგან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის საკითხის მოგვარებას ელოდებიან, "სისტემური მიდგომით".
"ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ბევრი ქვეყნის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების პრობლემაა. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ თქვა, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული მიდგომა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, არ არის სწორი მიდგომა და უამრავ რისკს შეიცავს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ მოველით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი და სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ სხვადასხვა რამეს, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, ეხება გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას, არჩევნების დაფინანსებას, ეხება მედიის თავისუფლებას, მართლმსაჯულების რეფორმასა და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
ერთიანი გარემოს შექმნაა საჭირო, რათა მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის საშუალება და ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს", - თქვა ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ". საკითხის განხილვას წინ უძღოდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა ამ კანონპროექტზე.
ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი მტკიცებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, მისი თქმით, ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.
ასევე ნახეთ კობახიძე: ევროკომისია როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციაზე, გავაუქმებთ მიღებულ კანონსვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობაც. მათ განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი ეთანხმება და მხარს უჭერს ვენეციის კომისიას, რომლის რეკომენდაციაა, საქართველომ უარი თქვას "დეოლიგარქიზაციის კანონზე".
12 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.
ასევე ნახეთ ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე