5-წუთიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

5-წუთიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

გამოვლინდნენ საგზაო უსაფრთხოების თემაზე 5-წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები. ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით პირველი ადგილის და 4000 ევროს მფლობელი გახდა გრიგოლ ჟორდანია ფილმით "რომ გაჩერდები, მერე ნახე..."

Your browser doesn’t support HTML5

რომ გაჩერდები, მერე ნახე...

"ჩემი კოლეგები კი მეუბნებოდნენ, რომ საინტერესო იყო, მაგრამ ნამდვილად არ ველოდებოდი პირველ ადგილს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურის. მინდოდა გვერდიდან შემეხედა ამ საკითხისთვის და პოსტფაქტუმ დამენახებინა მაყურებლისთვის ეს ისტორია. მუსიკა არის ამაღელვებელი, რომელიც ჩემი დის დაწერილია და მსახიობ ბექა სონღულაშვილს მინდა მადლობა გადავუხადო", - ამბობს 28 წლის თეატრის რეჟისორი გრიგოლ ჟორდანია.

გრიგოლ ჟორდანია

მეორე ადგილზე გავიდა და 2000 ევრო გადაეცა დავით შეყრილაძის ანიმაციურ ფილმს სახელწოდებით "გზის ვაჟები".

დავით შეყრილაძე

"მადლობა ორგანიზატორებს, რადგან როცა რეჟისორი ხარ, ჩვენთან ხშირად რთულია ხოლმე რამის გაკეთება. როცა ასეთი კონკურსი გამოჩნდება, მოტივაციას გვაძლევს ეს რეჟისორებს, რომ რაღაც პატარა გადავიღოთ. მიხარია, რომ ჟიურიმ გამოარჩია ჩემი ფილმი და ასე დააფასა", - ამბობს 27 წლის ანიმაციის რეჟისორი დავით შეყრილაძე.

Your browser doesn’t support HTML5

გზის ვაჟები

კინოჩვენება და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისში, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა.

მეორე ეტაპზე გადასული 11 ფილმი რადიო თავისუფლების ვებგვერდსა და სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნდა.

საუკეთესო ფილმები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო ორჯონიკიძე - დოკუმენტალისტი; ქეთი მაჭავარიანი - კინორეჟისორი; რატი ონელი - კინორეჟისორი; ბლაზეი გრჟეჩნიკი - კინორეჟისორი; ეკა ლალიაშვილი - გზების უსაფრთხოების ექსპერტი; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი.

"წელს იყო გამორჩეულად ძალიან კარგი კონკურსი. მართლა ძალიან საინტერესო ფილმები შემოვიდა არამხოლოდ თემატურად, არამედ ძალიან საინტერესო შემოქმედებითი გადაწყვეტა იყო ამ ფილმებში. ბევრი ფილმი შემოვიდა საკმაოდ, 33 და ძალიან გაგვიჭირდა არჩევანის გაკეთება", - ამბობს ჟიურის ერთ-ერთი წევრი, რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი.

ქეთი მაჭავარიანი

პროექტს ახორციელებდა პოლონეთის განვითარების ფონდების და რეგიონული პოლიტიკის სამინისტრო ​ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“, „რადიო თავისუფლებასთან“ თანამშრომლობით.

მოკლე ფილმების კონკურსის მიზანი იყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სოციალური შედეგების შესახებ.

მოკლე ფილმების კონკურსი საგზაო უსაფრთხოებაზე