Youtube-არხით Cyber Kmara ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მისი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძე ტელეფონით ესაუბრა ჩაიკოვსკის ფონდის დამფუძნებელს, მარკ ზილბერკვიტსა და ტელეწამყვან ვლადიმირ პოზნერს.
აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. საუბარი, სავარაუდოდ, 2021 წლის 31 მარტის შემდეგ შედგა, მას მერე, რაც თბილისში პოზნერმა მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა მწვავე პროტესტის გამო ვერ შეძლო.
ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა, რომ ზილბერკვიტთან საუბარი მართლაც შედგა, თუმცა მან უარყო გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შინაარსი.
აუდიოჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მარკ ზილბერკვიტი ზურაბ აბაშიძეს უამბობს, რომ პროტესტის შემდეგ, პოლიციის თანხლებით გაემგზავრნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში: „მადლობა ღმერთს, რომ ბოლოს და ბოლოს მობილიზდა პოლიცია და შსს. მართალია, იქ გვესროდნენ კვერცხებს, ქვაც მოხვდა ავტობუსს, მაგრამ ყველა უვნებელია. იმიტომ, რომ ასპროცენტიანი გარანტია არ ყოფილა. შენ გაითვალისწინე ერთი რამ, ჩვენ რვა ადამიანი ჩამოვფრინდით საღამოს... ათ საათზე მივედით რესტორანში და იქ დაიწყო ბაკქანალია“.
შემდეგ, სავარაუდოდ, ზილბერკვიტი ჰყვება, რომ იგეგმებოდა მომღერალ მირანდას [მირიანაშვილის] კონცერტი, მაგრამ მიხვდნენ, რომ აქტივისტები ყველაფერს ჩაშლიდნენ და ამიტომ ღამით, 03:00 საათზე გაფრენის გადაწყვეტილება მიიღეს, 05:00 საათზე ჩამოვიდნენ და 06:00 საათზე გაემგზავრნენ აეროპორტში.
„ეს იყო საშინელება. ტელეფონით არ შემიძლია გადმოგცე, პირადად მე რა გადავიტანე. რა გადაიტანეს ჩემმა ახლობლებმა და ნაცნობებმა ამ საათების და დღეების განმავლობაში“, - უთხრა მას, სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძემ.
აუდიოჩანაწერის თანახმად, ის ჰყვება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა და პარლამენტის წევრებმა ილაპარაკეს ამ საკითხზე.
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძემ აქციის მონაწილეები „ნაცისტებად“ მოიხსენია: „ეს არის ნაცისტების ჯგუფი, ნამდვილი ნაცისტების, უბრალოდ ზონდერები...“ „ეს არის რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, დაფინანსებული სააკაშვილისგან. ესენი მისი ზონდერები არიან, რომლებიც ამას აწყობენ მეორედ თუ მესამედ, ესენი დაფინანსებული პროვოკატორები არიან“.
სავარაუდოდ, მარკ ზილბერკვიტმა განაცხადა, რომ მას ჰკითხეს, მართალია, რომ რუსები ოკუპანტები არიან? რაზეც, ჩანაწერის მიხედვით, აბაშიძემ უპასუხა: „... ვიმეორებ, მათ შეუძლიათ 30, 40 ან 50 ადამიანის მობილიზება. ნახეთ, როგორი ხმაურიანები არიან, გაცოფებულები. ეს არის ნაყიდი აგენტურა „ნაციონალური მოძრაობის“.
აუდიოჩანაწერის თანახმად, მარკ ზილბერკვიტის თხოვნის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ თბილისში განვითარებული მოვლენების გამო პოზნერს დაურეკა და მას აცნობა საქართველოს მთავრობის პოზიცია.
„დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან. მარკს დღეს გავუგზავნე ჩვენი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც მთავრობის სხდომაზე გააკეთა, ჟურნალისტებისა და მედიის წინაშე. იქ გამოვიდნენ მთავრობის წევრებიც. როცა შესაძლებლობა გექნებათ, ნახეთ, გეთაყვა“, - მიმართა პოზნერს, სავარაუდოდ, აბაშიძემ. რაზეც, ჩანაწერის მიხედვით, ის პასუხობს, რომ მისთვის გასაგებია -„ესენი ნაყიდი ხალხია“ და თუ შეიძლება, არ ინერვიულოს.
სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძემ დააზუსტა: „თქვენ ნახეთ ესენი, ეს რა ხალხია, რა მახინჯები არიან“.
აუდიოჩანაწერის საკითხზე რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ზილბერკვიტთან საუბარი შედგა, მაგრამ შინაარსს „ფეიკი“ უწოდა.
„მარკ ზილბერკვიტი არასდროს არ ყოფილა ოფიციალური პირი - არც ადრე, არც ახლა. მე მას ვიცნობ, ის არის ჩემი პირადი ნაცნობი იმ პერიოდიდან, როდესაც მოსკოვში ვმუშაობდი ელჩად. მგონი, ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, ეს ერთი.
ეს სატელეფონო ჩანაწერი არის, რა თქმა უნდა, უკანონო გზით და სრულიად ამაზრზენი მეთოდებით მოპოვებული, ეს ცალკე თემაა. [საუბარი] შედგა ორი წლის წინ. ამას ვადასტურებ, რომ ჩვენი საუბარი შედგა, მაგრამ შინაარსობრივად საუბრის ტექსტი არის მთლიანად დამახინჯებული. არის „ფეიკი“. ეტყობა ორი წელი დრო საკმარისად ჰქონდათ, რომ ეს დაემახინჯებინათ და ისე შეეკოწიწებინათ, როგორც მათ აწყობდათ. შინაარსობრივად მის კომენტარს არ გავაკეთებ. „ფეიკია“ შინაარსობრივად.
მესამე, როდესაც ასეთივე გზით, ასევე უკანონოდ მოპოვებული საუბარი ბატონ კარასინთან რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნეს, მე მაშინ ვთქვი, რომ ვადასტურებ საუბარსაც და ვადასტურებ იმას, რომ შინაარსობრივადაც ავთენტურია.
იმის თქმა მინდა, რომ შინაარსობრივად ამჯერადაც რომ ავთენტური ყოფილიყო, მე ამას დავადასტურებდი. საუბარს ვადასტურებ, მაგრამ შინაარს არ ვადასტურებ. მთლიანად დამახინჯებულია, შეკოწიწებულია, „ფეიკია“. ორი წლის განმავლობაში ამის გაკეთება შეიძლებოდა, ალბათ“, - გვითხრა ზურაბ აბაშიძემ.
ასევე ნახეთ აბაშიძე ადასტურებს კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტიკურობას: „სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი"შეკითხვაზე, მისი ინიციატივით შედგა თუ არა საუბარი, აბაშიძემ გაიმეორა, რომ საუბარი შედგა, მაგრამ შინაარსზე კომენტარს არ გააკეთებს.
ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ პოზნერთან საუბარი არ უნახავს, მაგრამ ამბობს, რომ ის არის „ფეიკი“.
ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 2021 წლის 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.
პოზნერი დაგეგმილზე ადრე გაემგზავრა საქართველოდან.