შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ 15 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სისტემატურად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე მუხლი) და 16 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით (140-ე მუხლი) დაკავებულს შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავენ.
თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ შემთხვევა 11 ივნისის ღამეს, 23:00 საათზე მოხდა - ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან მათ ადამიანის გადმოვარდნა დაინახეს.
15 წლის მოზარდი ბათუმის ჰოსპიტალ "ბაუში" გარდაიცვალა. კლინიკაში, სადაც გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მას მრავლობითი დაზიანება და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.