მსოფლიოში სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია რიცხვმა იმ ადამიანების, რომლებმაც საკუთარი სახლები დატოვეს ომების, ძალადობის და უფლებების დარღვევის გამო.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ დღეს, 14 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს თავისი საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა 108,4 მილიონმა ადამიანმა, რაც ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია. მათგან 35,3 მილიონი საკუთარი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში ლტოლვილია. 62,5 მილიონი თავის სამშობლოში იძულებით გადაადგილებული პირია.
გაეროს მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით, იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი 19,1 მილიონით გაიზარდა. მთავარ მიზეზად დასახელებულია ომი უკრაინაში. 2022 წლის ბოლოსთვის უკრაინელი ლტოლვილების რიცხვმა 5,7 მილიონს მიაღწია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გაეროს კომისარიატის თანახმად, ადამიანების იძულებით გადაადგილების პროცესი არც 2023 წელს შენელებულა, რასაც, მათ შორის, ხელი შეუწყო სუდანში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამ. 2023 წლის მაისისთვის მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 110 მილიონს მიაღწია.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, 2022 წელს 38 ქვეყანაში დაბრუნდა 339 000-ზე მეტი ლტოლვილი. საკუთარ სახლებს დაუბრუნდა 5,7 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირიც.
გაეროს ინფორმაციით, 2022 წელს მსოფლიოში აღრიცხული იყო მოქალაქეობის არმქონე 4,4 მილიონი პირი, რაც 2021 წლის მონაცემებზე 2%-ით მეტია.