მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ოდესაზე რუსეთის სარაკეტო შეტევას

ფოტო არქივიდან. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი ოდესის ოლქში

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ შავ ზღვაში მყოფი გემიდან ოდესას ესროლა 4 რაკეტა „კალიბრი“. წუხანდელი თავდასხმის გამო ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსული რაკეტა მოხვდა ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობს, სადაც 3 თანამშრომელი დაიღუპა და 7 დაიჭრა. დანგრეულია 1000 კვადრატული მეტრი ფართობი. გარდა ამისა, საჰაერო ბრძოლის და აფეთქებების ტალღის შედეგად, ოდესის ცენტრში დაზიანდა ბიზნეს-ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები. წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა 6 ადამიანი.

ოდესაში საჰაერო განგაში ღამის სამის ნახევრისთვის გამოცხადდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია 2 რუსული რაკეტა.

13 ივნისს, რუსეთის თავდასხმამ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში, სადაც რაკეტა მოხვდა 5-სართულიან სახლს. დღეს, 14 ივნისს, კრივოი-როგში გლოვის დღეა.