მაიამიში სასამართლოს წინაშე წარმდგარმა დონალდ ტრამპმა თავი დამნაშავედ არ ცნო

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დააკავეს მაიამის ფედერალურ სასამართლოში სხდომამდე. სასამართლოზე მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის 37 მუხლით. ტრამპმა არცერთ ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ.

ტრამპს ბრალად ედება ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა ფლორიდაში მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში.

13 ივნისს წარდგენილი ბრალდება მეორეა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. აპრილში, მანჰეტენის სასამართლოს მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ტრამპს ბრალი წაუყენა ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაში, რომლებიც შეეხებოდა ფულის გადახდას პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსის გაჩუმებისთვის.

დონალდ ტრამპმა უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე იმ ქმედებებში, რომლებშიც მას ადანაშაულებენ და დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში.

სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, ტრამპი და მისი ყოფილი თანაშემწე უოლტ ნაუტა დააკავეს სასამართლო განხილვის დაწყებამდე. სასამართლო სხდომა დახურული იყო.

ტრამპმა არაერთხელ გამოაცხადა თავისი უდანაშაულობა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას პოლიტიკურ დევნაში დასდო ბრალი. სამშაბათს მან სპეციალურ პროკურორ ჯეკ სმიტს, რომელიც პროკურატურას ხელმძღვანელობს, "ტრამპის მოძულე" უწოდა.

სასამართლომ სულ ხუთ წუთს გასტანა. ის შემდეგ სხდომამდე გაათავისუფლეს, ვინაიდან მოსამართლემ არ მიიჩნია, რომ მისი თავისუფლად დატოვების შემთხვევაში არის მისი მიმალვის საფრთხე.

ტრამპის იურიდიულმა პრობლემებმა ზარალი ვერ მიაყენა მის რეპუტაციას რესპუბლიკელი ამომრჩევლების თვალში. Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ტრამპი კვლავ დიდი უპირატესობით ლიდერობს 2024 წლის რესპუბლიკელ კანდიდატთა ნომინაციაში. რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 81%-მა განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.