ოდიშარიას თქმით, კინოცენტრში იმუშავებს კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ

ბაჩო ოდიშარია, "პოსტივის" წამყვანი

პროსახელისუფლებო ტელევიზიის, "პოსტივის" წამყვანი ბაჩო ოდიშარია ეროვნულ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ოდიშარიას თქმით, ის კინოცენტრის რეორგანიზაციის საკითხებში ჩაერთვება.

"ჩავერთვები რეორგანიზაციის საკითხებში, შევისწავლი, როგორ მოქმედებს და ფუნქციონირებს კინოცენტრი, გავერკვევი, ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს და ვეცდები გამოსწორებას, გავარკვევ, რატომ არის [მისი კინოცენტრში დანიშვნა] პროტესტის საგანი. წარმოდგენა არ მაქვს [რატომ], იმიტომ რომ არგუმენტი არ მომისმენია", - უთხრა ოდიშარიამ ტელეკომპანია "ფორმულას".

დღეს კინოცენტრის ახალმა მენეჯმენტმა მუშაობა პროტესტის ფონზე დაიწყო. მოქმედი თანამშრომლები შენობაში შეიკრიბნენ და მათთან შეხვედრა მოითხოვეს.

კინოცენტრის დროებით მმართველად კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი თანამშრომელი კობა ხუბუნაია დანიშნა. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში კულტურის მინისტრის მოადგილე კარლო (კახა) სიხარულიძე ასრულებდა.

კინოცენტრის თანამშრომლები ითხოვენ, შეწყდეს რეორგანიზაცია, სანამ ცენტრს არ ეყოლება არჩეული დირექტორი, რომელსაც შეარჩევს სექტორისგან არჩეული კომისია.

განცხადებაში, რომელიც 12 ივნისს გავრცელდა, კინოცენტრის თანამშრომლები ღიად ამბობენ, რომ კინოცენტრში მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი არის კინოს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოქცევის მცდელობა.

ასევე ნახეთ რეორგანიზაცია კინოცენტრში - ვინ და რატომ იღებს გადაწყვეტილებებს? 

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა გაავრცელეს ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს. რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ - ეს წერილი 5 ივნისს კინოცენტრის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. გვერდის ადმინისტრირების უფლება ჩამოერთვათ მოქმედ თანამშრომლებს.