კახოვკის ჰესის დანგრევის შემდეგ, მკვეთრად შემცირდა შავი ზღვის წყლის მარილიანობა, რკინის შემცველობამ კი ნორმას გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ სპეციალურ შტაბზე დაყრდნობით წერს დამოუკიდებელი გამოცემა „კედრი“, რომელიც ეკოლოგიის პრობლემებს აშუქებს. გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ოდესის მახლობლად სამი ადგილიდან აიღეს შავი ზღვის წყლის სინჯები. ორ რაიონში მარილიანობა დადგენილ ნორმაზე 2,9-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა, ერთში კი - 2,7-ჯერ. ერთ რაიონში ზღვის წყალში რკინის შემცველობა გაზრდილია 9-ჯერ, მეორე ადგილას - 5,2-ჯერ და მესამეზე - 3,4-ჯერ.
ეკოლოგ ევგენი სიმონოვის განცხადებით, ამის გამომწვევი მიზეზი კაშხლის გარღვევების შედეგად ზღვაში ჩასული მტკნარი წყალია.
„დნეპრის წლიური შენაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრია, ახლა კი დამატებით 10 - ერთ კვირაში“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ ნაღმები შავ ზღვაში? - კახოვკის კატასტროფის შედეგებიმანამდე გარემოსდამცველები აღნიშნავდნენ, რომ შავი ზღვის გამტკნარება საფრთხეს შეუქმნის წყალმცენარეების ყვავილობას. მათივე თქმით, კაშხლის განადგურების შედეგად შესაძლოა, ზღვის წყალს კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შერეოდა.
ოდესის სანაპიროებზე ზღვიდან ნაგავი და მცენარეები ირიყება, წყალში კი დახოცილ ცხოველებს პოულობენ.
კახოვკის კაშხალი დაინგრა 6 ივნისის ღამეს. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და ჰესის გარღვევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.
ამერიკელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ კაშხლის ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამას ხელი შეუწყო ადრეულმა დაზიანებამ ან წყლის წნევის მატებამ.
კაშხლის განადგურების გამო ხერსონის ოლქის 600 კვადრატული კილომეტრი წყლით დაიფარა, ფართობის დაახლოებით 30% მარჯვენა სანაპიროზეა, დანარჩენი კი - რუსეთის მიერ ოკუპირებული დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. უკრაინის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 20 - დაშავდა, 35 კი - დაკარგულად ითვლება. რუსული მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.
ადგილობრივი ზოოპარკის ხელმძღვანელობა 300-მდე ცხოველის დაღუპვის შესახებ საუბრობს, რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ზოოპარკში ცხოველები არ ყოფილან.