საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუკი ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის საკითხს, უმრავლესობას შესაძლებლობა ექნება, კანონი არ აამოქმედოს. "ოცნების" გეგმით, სხვა შემთხვევაში, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრული იქნება 2024 წლის პირველი მარტი.
მდინარაძის თქმით, დეოლიგარქიზაციის საკითხი დღეს, 12 ივნისს, უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს. მისივე მტკიცებით, ვენეციის კომისიის დასკვნით, ყველა საკვანძო საკითხი გათვალისწინებულია.
"ერთადერთი მინიშნება, შეიძლება ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და თავისი არსით ევრორეკომენდაციებში შესული ეს თემა გულისხმობს პერსონალიზაციას. ამიტომ ჩვენ რომ არ დავიწყოთ მსჯელობა და დამატებით ინსინუაციები რომ არ მოჰყვეს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციების ამ დაუმთხვევლობაში, რომ არ ვეძებოთ რაღაც შეთქმულების თეორიები, ჩვენ მოვიქცევით ასე:
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი. იმ შემთხვევაში, თუ სწორედ ამ არგუმენტაციიდან გამომდინარე, ევროკომისია წელს, წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, ჩვენ გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში პირველივე სხდომაზე შესაძლებლობა, რომ გამარტივებული წესით საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგარქციზაციის შესახებ კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის პირველი მარტიდან", - თქვა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში მეორედ გაგზავნა.
მანამდე ვენეციის კომისიისგან პარლამენტს კანონპროექტი შენიშვნებით დაუბრუნდა განსახილველად. 13 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი.
ასევე ნახეთ რა შეცვალეს "დეოლიგარქიზაციის" კანონპროექტში ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგEU-ს წევრობი კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ 12 რეკომენდაციაში, დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მოთხოვნა და თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობა იყო.