პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს წარდგენისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს უფლება არ აქვს, პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში ჩაერიოს.
ამით მან უპასუხა დეპუტატ რომან გოცირიძის შეკითხვას, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებამდე, განიხილებოდა თუ არა მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად?
"ჩვენ განვაცხადეთ, რომ ლაშა ხუციშვილი კანდიდატად განიხილებოდა, უბრალოდ, პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. აქ არის ერთი რამ - როდესაც ვსაუბრობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, თუნდაც ეს მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო იყოს, მას არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის იმ კომპეტენციებში, რომელიც მას საერთოდ არ ევალება. ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული", - თქვა მსხილაძემ. მოგვიანებით მანვე განაცხადა, რომ ასევე კონსტიტუციითა განსაზღვრული, რომ პარლამენტში პრეზიდენტმა წარადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები . "უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ", - დაამატა მან.
საპარლამენტო მდივნის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ პრეზიდენტი დეკემბრამდე არ აპირებს კანდიდატების წარდგენას.
"პრეზიდენტმა დეკემბრამდე იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა, რომელიც დეკემბერში იწურება და იგულისხმა ის ვადა, რომელიც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელს პრობლემა აღარ ექნებოდა. ასე რომ, პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტი იქნება, მას დაუჭერთ თუ არა მხარს", - მიმართა მან დეპუტატებს.
დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირეს.
გამოცემა bm.ge წერს, რომ ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით, გადაცემა "ანალიტიკამ" წერილობითი განმარტება მიიღო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონისგან:
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ–ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას".
ასევე ნახეთ როგორ იგებს „ოცნება“ ბრძოლას ეროვნული ბანკისთვის"ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო თებერვალში დაადო.
"არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!" - ეწერა პრეზიდენტის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები.
ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, თანაბარი უფლებებით. გვენეტაძის წასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაციებით, სამი მათგანიდან ერთ-ერთი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ეს არის არჩილ მესტვირიშვილი.
კანონპროექტმა კი შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ავტორებმა ამ ცვლილების აუცილებლობა იმით დაასაბუთეს, რომ უშუალოდ კანონში არ წერია, პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის შემთხვევაში, რომელი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს მის მოვალეობას. თუმცა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა საჯარო განხილვებზე სხვა მიზეზიც დაასახელა:
„ეს კეთდება იმიტომ, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი გაუგებრობა, საბოტაჟის მცდელობა და ქაოსი ამ ინსტიტუციაში“, - განაცხადა 8 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.