ბელარუსის რკინიგზელთა საზოგადოება, რომელიც ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოწინააღმდეგეებს აერთიანებს, ამტკიცებს, რომ 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის თებერვლამდე ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთში და მის კონტროლქვეშ მყოფ უკრაინულ ტერიტორიებზე გაიტანეს 131 000 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა, ანუ თვეში დაახლოებით 10 000 ტონა. ამასთან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ეს მოცულობა რამდენიმე ათეულჯერ ნაკლები იყო და ზრდა დაიწყო 2022 წელს უკრაინაში შეჭრის დაწყებისთანავე.
2022 წლის იანვარსა და თებერვალში რუსეთში ექსპორტირებულ იქნა 203 ტონა საბრძოლო მასალა, ხოლო უკვე მარტში 12,5-ჯერ მეტი - 2558 ტონა. აპრილში რუსეთში საბრძოლო მასალის ექსპორტმა პიკს მიაღწია მთელი პერიოდის განმავლობაში (თვეში თითქმის 30 000 ტონა).
ანგარიშში მოცემულია დეტალები, თუ რომელი არსენალებიდან და რკინიგზის სადგურებიდან გაჰქონდათ საბრძოლო მასალა. ასევე ვარაუდობენ, რომ საბრძოლო მასალის ნაწილი ანექსირებულ ყირიმში ჩაჰქონდათ.
„ბელარუსიდან რუსეთის ფედერაციაში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმში, საბრძოლო მასალის ექსპორტის მოცულობების შესახებ მოტანილი ცნობები იმაზე მეტყველებს, რომ ლუკაშენკას რეჟიმი აგრესორის მხარეზე ომში გაცილებით მეტად არის ჩართული, ვიდრე ამას პროპაგანდა აჩვენებს და ეს მასში სრულმასშტაბიანი მონაწილეობის დასტურია“, - აცხადებენ პუბლიკაციის ავტორები.
ბელარუსი აწარმოებს, კერძოდ, ვაზნებს მსუბუქი იარაღისთვის, ასევე რაკეტებს.