„გამათავისუფლეს, დაიწყო რეორგანიზაცია“, ამბობს კინოცენტრის დირექტორის მოადგილე

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრში დაწყებულ რეორგანიზაციასა და შტატების გაუქმებაზე საუბრობენ.

„თქვენ გათავისუფლებული ხართ 12 ივლისიდანო, ასე მითხრეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო კუხალაშვილი, კინოცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელიც ცენტრში 2001 წლიდან მუშაობს. შრომის კოდექსით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული გათავისუფლების თაობაზე ერთი თვით ადრე გააფრთხილოს.

კუხალაშვილის თქმით, კინოცენტრში დირექტორის მოადგილის პოზიცია საერთოდ გაუქმდა. მისივე თქმით, რეორგანიზაციის დაწყების შესახებ კვირას, 11 ივნისს, გაიგო, როცა დილით კულტურის სამინისტროში დაიბარეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჯერჯერობით რეორგანიზაცია შეეხო მხოლოდ ორ ადამიანს - დირექტორის მოადგილეებს. ამასთან, რეორგანიზაციის დროს, ყველა თანამშრომელმა უნდა მოაწეროს ხელი გაფრთხილებას შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.

„თეა წულუკიანი რომ დაინიშნა მინისტრად, იმ დღიდან იყო ამის მოლოდინი, მაგრამ, როგორც ჩანს, უბრალოდ აქამდე ვერ მოიცალა. ან უბრალოდ საერთო განცხადებებმა და ფეისბუკზე გამოქვეყნებულმა პოსტებმა დააჩქარა ეს მოვლენები“, - ეუბნება ნინო კუხალაშვილი რადიო თავისუფლებას.

ცენტრის თანამშრომლებმა ივნისში გამოქვეყნებული საერთო განცხადებით მოითხოვეს, „შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებულ პირებს შორის ღია თანამშრომლობით“.

„ვიცოდი, რომ ეს მოყვებოდა. ვიცით მინისტრის ხასიათი, რომ ერთ პატარა სიტყვაზე შეიძლება გაათავისუფლოს ადამიანი, ჩამოაქვეითოს, შური იძიოს. ეს ცნობილი იყო ყველასთვის“, - ამბობს კუხალაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კინოცენტრში დაინიშნა კულტურის სამინისტროს ორი მოქმედი თანამშრომელი. ერთია კობა ხუბუნაია, რომელიც ჯერ ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, თუმცა ახლა, სავარაუდოდ, დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

ხუბუნაია, 2022 წლის დეკლარაციით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი იყო. 2021 წელს კი - იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.

კიდევ ერთი ადამიანი, გიორგი ცხვედიანი კი, დაინიშნა კინოექსპორტის სპეციალისტად.

ნინო კუხალაშვილის მტკიცებით, თავად ნახა ბრძანება, რომლის თანახმად, კინოცენტრის ოფისმენეჯერად დაინიშნა პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „პოსტივის“ წამყვანი ბაჩო ოდიშარია. თუმცა, მისივე თქმით, ოდიშარიას დანიშვნა სიტყვიერად უარყვეს, დოკუმენტებთან წვდომა კი ახლა შეზღუდული აქვს.

კინოცენტრში, საერთო ჯამში, 30-ზე მეტი შტატიანი და უშტატო თანამშრომელია დასაქმებული.