გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შაბათს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტელეფონით საუბარს და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს მას.
„მე ბევრჯერ ველაპარაკე რუსეთის პრეზიდენტს, არა მხოლოდ ომამდე, არამედ ომის დაწყების შემდეგაც და ზოგჯერ ძალიან დიდხანსაც. უახლოეს მომავალში ვაპირებ მასთან დალაპარაკებას,“ განაცხადა შოლცმა ნიურბერგში გერმანიის პროტესტანტული ეკლესიის კონგრესზე გამოსვლისას.
„მაგრამ ყველა ამ საუბარში ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პატიოსანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის არსებობს ერთი პირობა და ეს არის რუსეთის ჯარების გაყვანა. და ეს გასაგები უნდა იყოს,“ დასძინა მან.
„ხალხი გამუდმებით ამბობს - ბატონო შოლც, თქვენ უნდა მოლაპარაკებები აწარმოოთ! მოლაპარაკებები, მოლაპარაკებები... ამის შესახებ რაღაც მინდა ვთქვა,“ აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. „მოლაპარაკებები კარგია, მაგრამ საკითხავი ისაა, ვინ ვისთან და რა საკითხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. რაც მიუღებელია, ისაა, რომ აიძულო უკრაინა, აღიაროს, რომ პუტინის მიერ მისი მიწის მითვისება სანქცირებული და მიღებულია,“ განაცხადა ოლაფ შოლცმა.