წუხელ რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის ქალაქ მირგოროდის სამხედრო აეროდრომს პოლტავის ოლქში. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება. დაზიანდა ტექნიკა, ინფრასტრუქტურა და აეროდრომის მახლობლად მდებარე რამდენიმე კერძო შენობა.
თავდასხმა სავარაუდოდ განხორციელდა „ისკანდერის“ რაკეტებით და ირანული წარმოების დრონებით, „შაჰედებით“. გაჩნდა ხანძარი. არავინ დაღუპულა ან დაშავებულა, განაცხადა პოლტავის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ლუნინმა.
სპეციალისტები ახდენენ დაბომბვის შედეგების ლიკვიდაციას და გადარჩენილი ტექნიკა უსაფრთხო ადგილებზე გადააქვთ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ წუხელ ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 26 დაშავდა.
გარდა ამისა, დრონები თავს დაესხნენ ნიკოლაევის ოლქს.
თავის მხრივ, რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ სალდომ, განაცხადა უკრაინის არმიის თავდასხმების შესახებ იმ შენობებზე, სადაც იმყოფებიან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დანგრევის შედეგად დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულები. სალდოს თქმით, Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედია წერს, რომ თავდასხმა მოხდა სასტუმროზე, რომელშიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ რუსეთის სამხედროები.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ხერსონში დაბომბვის დროს დაშავდა ორი მოხალისე, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებოდნენ.
ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ნახევარკუნძულის თავზე გაანადგურა ბალისტიკური რაკეტები. დაღუპულების ან დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.