საფრთხე, რომელიც აფხაზეთში ბზებსა და პალმებს განადგურებით ემუქრება

სოხუმის პალმები, 2018 წ.

აფხაზეთში, ბზიფის ხეობაში გადარჩენილ კოლხურ ბზას კვლავ განადგურება ემუქრება, თუმცა ამჯერად ეკოლოგებმა და შესაბამისმა სამსახურებმა დროულად დააგეს ფერომონის ხაფანგები და ქიმიური დამუშავებაც მოახერხეს.

ბზის ალურას (Cydalima perspectalis) სახელით ცნობილმა მავნებელმა, რომელიც აფხაზეთში 2012 წელს სოჭის ოლიმპიადის შემდეგ მოხვდა, დე ფაქტო რესპუბლიკაში ბზის უნიკალური ტყეების 95%-ზე მეტი გაანადგურა. კიდევ ერთი მავნებელი „პალმის წითელი ცხვირგრძელა“ (Rhynchophorus ferrugineus), რომელმაც, სავარაუდოდ, ასევე რუსეთიდან შეაღწია აფხაზეთში, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ზღვისპირა ქალაქების სავიზიტო ბარათებად ქცეულ უზარმაზარ პალმის ხეებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის ენტომოლოგიისა და ინვაზიური სახეობების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მიხეილ ქირიამ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ გასულ კვირას ბზიფის ხეობაში კოლხურ ბზას კვლავ შეესივნენ მავნებლები ბზის ალურის სახით.

„წელიწადის ამ დროისთვის ცოტა მოულოდნელი იყო. პეპლებისა და ჭუპრების გრძელვადიანი მონიტორინგის მიხედვით, პროცესი ყოველთვის ივლისის დადგომასთან იყო დაკავშირებული.

საბედნიეროდ, შესაბამისი სამსახურები მზად აღმოჩნდნენ: აღჭურვილობაც და საჭირო ინსექტიციდებიც საკმარისი იყო და ვითარებამ არ მიიღო შეუქცევადი ხასიათი“, - დაწერა აფხაზმა მეცნიერმა.

მიხეილ ქირია

ბზიფის ხეობა ბუნებრივი სახით შემონახული კოლხური ბზის ტყის ერთადერთი დიდი ფართობია აფხაზეთში. მიხეილ ქირიამ ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ასახულია ფერომონის ხაფანგების დაყენების პროცესი.

ფერომონის ხაფანგი - ეს არის ხაფანგი წებოვანი ფირფიტით, რომელსაც ჩაშენებული აქვს შემდეგი ელექტრონული მოწყობილობები: ფოტომონიტორინგის სისტემა, მოდემი და მზის პანელი ელექტროენერგიის უწყვეტობისათვის.
ხაფანგის ტექნიკური კონსტრუქციისა და პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლიობით, შესაძლებელია სხვადასხვა აგროკულტურასა თუ სამრეწველო წარმოებაში არსებული მწერების დისტანციურ რეჟიმში მონიტორინგი. ხაფანგის მეშვეობით შესაძლებელია მწერებზე დაკვირვება მათი გამოჩენის პირველივე ეტაპიდან, რაც მწერების მასიური და დროული განადგურების საშუალებას იძლევა.

როგორც მიხეილ ქირიამ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ სოხუმელ კორესპონდენტს უთხრა, ბზის ალურა საშიში მავნებელია, რომელმაც აფხაზეთში ბზის ტყეების უმეტესი ნაწილი - 95% გაანადგურა.

მავნებლის აფხაზეთის ტყეებში გამოჩენა კი დაკავშირებულია სოჭის 2012 წლის ოლიმპიადასთან, რომლის სამზადისში აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანებისთვის შეიტანეს მავნებლებით დაბინძურებული სარგავი მასალა.

„დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ბზის განადგურებასთან ერთად გაქრა ბზის ალურაც, მაგრამ ეს ასე არ არის.

რამდენიმე წელია ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით ამ მავნებლის არსებობას, თუმცა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა უკიდურესად შემცირდა, რაც, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ შემცირდა მათი საკვები ბაზა. თუმცა, გასულ კვირაში მასიურად იქნა აღმოჩენილი ალურის ჭუპრები ბზიფის ხეობაში შემორჩენილ ბზის ტყეებში.

ამის შემდეგ, ხეობის გასწვრივ დარჩენილი ბზები სრულფასოვნად დამუშავდა ქიმიურად, რითაც შესაძლებელი გახდა უკიდურესად უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება.

თუმცა მავნებლებმა მაინც მოასწრეს გარკვეული რაოდენობის (ხეების) დაზიანება, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ზიანი არ არის კრიტიკული. მონიტორინგი პირველ რიგში საჭიროა მსგავს სიტუაციებზე პრევენციული რეაგირებისთვის“.

ფერომონის ხაფანგები შესაძლებელს ხდის ქიმიური დამუშავებისთვის საჭირო ოპტიმალური პერიოდის განსაზღვრას. როგორც მონიტორინგმა აჩვენა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად აფხაზეთში ბზის ალურა მრავლდებოდა ივლისის პირველ დეკადაში, თუმცა წელს პრობლემამ თითქმის ერთი თვით ადრე იჩინა თავი, რასაც აფხაზი ეკოლოგები თბილი ზამთრითა და, შესაბამისად, ჭუპრების ნაადრევი გამოჩეკით ხსნიან.

ფერომონის ხაფანგები დამონტაჟებულია ბზიფის ხეობაში, გეგის ჩანჩქერთან იმ ადგილებში, სადაც ბზის ტყეებია შემორჩენილი. ხაფანგები მუშაობენ ბზის პეპლების (ალურების) მოზიდვის პრინციპით.
მავნებლების დაფიქსირების შემდეგ სიგნალი ეგზავნება შესაბამის სტრუქტურებს, რომლებიც თავის მხრივ იღებენ ზომებს ქიმიური ზემოქმედების სახით. დაახლოებით ათი დღე საკმარისია სამკურნალო ზომების გასატარებლად.
პროექტს ერთობლივად ახორციელებენ სოხუმში FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის) პროექტის ოფისი და აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტი.

აფხაზეთში ბზის ტყეების უმეტესი ნაწილი განადგურებულია, მაგრამ იმისათვის, რომ არ განადგურდეს დარჩენილი რამდენიმე პროცენტი, საჭიროა მუდმივი კონტროლი.

მეცნიერების თქმით, მავნებელი არსად წასულა, უბრალოდ, შემცირდა მისი რაოდენობა. დროული ჩარევის გარეშე აუცილებლად მოხდება აფეთქება, რაც გაანადგურებს გადარჩენილ ბზას.

საშუალოდ წლის განმავლობაში ბზის ალურა იძლევა ორ თაობას, ზაფხულის თავსა და ბოლოში. შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებულია რეაგირების სიჩქარეზე.

აფხაზეთში კოლხური ბზა, ბუნებრივი სახით, უმეტესწილად შემორჩენილია მხოლოდ ბზიფის ხეობაში, თუმცა მცირე ფართობები ასევეა ბიჭვინთის დაბლობზეც. როგორც აფხაზი ეკოლოგები ამბობენ, სხვადასხვა ადგილას, სადაც ადრე ბზის ტყეები იყო, კვლავ გამოჩნდა ახალი ამონაყარი.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს იმედი, რომ ზოგიერთ უბანზე ტყე შეძლებს აღდგენას. ტერიტორიები, რომლებიც ადრე ბზის ხეებით იყო დაფარული, დაცული უნდა იყოს ეკონომიკური აქტივობისგან, ანთროპოგენური წნეხისგან. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ხუთ-ათ წელიწადში, ბზის ტყემ აღდგენა დაიწყოს“, - ამბობს მიხეილ ქირია.

აფხაზეთის სატყეო სამეცნიერო-საცდელი სადგური, FAO-ს ოფისის მხარდაჭერით, თვითონ „აწარმოებს“ ბზის ნერგებს. პირველ წელს ჩაყრილი თესლიდან ამოიზარდნენ ნერგები, რომლებიც უკვე გადარგულია ბუნებრივ ჰაბიტატებში, მათ შორის, რიწის პარკის ტერიტორიაზეც.

მავნებლები აფხაზეთის ტყეებში. 2015 წ.

კოლხურის ბზის გარდა გადასარჩენია პალმებიც, რომლებიც აფხაზეთის ქალაქების იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბოლო ათი წლის განმავლობაში ასზე მეტი დიდი პალმის ხე განადგურდა, რაც უზარმაზარი რიცხვია აფხაზეთისთვის.

50-70 წლის პალმებს ერთ სეზონზე ანადგურებს პალმის ცხვირგრძელა, რომელიც ფსოუსა და სოხუმს შორის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ასევე რუსეთიდან მოხვდა 2016 წელს.

„ყველაფერი დამოკიდებულია ქალაქების ადგილობრივი ადმინისტრაციების ძალისხმევაზე.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციასთან მუშაობაში.

ადმინისტრაცია წელიწადში რამდენჯერმე ატარებს ყველა პალმის ქიმიურ დამუშავებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში არცერთი ხე არ მომკვდარა პალმის გრძელცხვირასგან. ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმით, რომ რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ მივეცით ქიმიურ მკურნალობაზე, სრულად ხორციელდება. სხვა ქალაქებში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, ხეების ხმობა გრძელდება, მაგალითად, გაგრაში, ახალ ათონში“, - ამბობს მიხეილ ქირია.

პალმის ცხვირგრძელასთან გასამკლავებლად ასევე კეთდება ფერომონის ხაფანგები. გაგრაში დამონტაჟდა 50 ხაფანგი, სოხუმში - 10-ზე მეტი. რიგშია ახალი ათონი, ბიჭვინთა, რათა განისაზღვროს მავნებლის შეღწევის ხარისხი კონკრეტულ ტერიტორიებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სოხუმში ცხვირგრძელების რაოდენობა უკიდურესად შემცირდა.

პალმის წითელი ცხვირგრძელა აფხაზეთში 2016 წელს კრასნოდარიდან შემოჰყვა საკარანტინო წესების დარღვევით შემოტანილ დასარგავ პალმებს.
მწერი პალმის ტოტებზე დებს კვერცხებს, საიდანაც რამდენიმე დღეში ჭუპრები ყალიბდება. ზრდასრული ხოჭო სიგრძით დაახლოებით 30 მმ-ია. კვერცხებს პალმის ფოთლის რბილობში დებენ (დაახლოებით 250 ცალს).
მავნებელი განვითარების ოთხ სტადიას გაივლის: კვერცხის, მატლის, ჭუპრისა და იმაგოს (ზრდასრული ხოჭო). მატლები პალმის მთავარი ღეროს შიგთავსით იკვებებიან. ნაჭამი ადგილები ღია რჩება და აქედან რბილობში მიკროორგანიზმები აღწევენ. ამის შედეგად პალმის ახალი ფოთლები სუსტდება და მცენარე ხმობას იწყებს.

პალმის ცხვირგრძელა ღეროებში მცხოვრები მავნებელია. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ მათი არსებობის გარეგანი ნიშნები არ ჩნდება მანამ, ვიდრე მცენარე აშკარა საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდება.

მავნებლის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, პრევენციის საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევა დიდი ზომის ნერგების იმპორტის დროებითი აკრძალვა.

„ეს ეხება არა მხოლოდ პალმის ხეებს, არამედ ეხება ნებისმიერ მცენარეს, რომელიც ღეროვან მავნებლებთან არის დაკავშირებული“, - ამბობს მიხეილ ქირია, რომლის თქმითაც, არცერთი ქალაქი არ დარჩება თავისი საფირმო პალმების გარეშე, თუკი ადმინისტრაციები ზედმიწევნით დაიცავენ ეკოლოგების მიერ (ხაფანგების დაყენებასა და სარგავი მასალის მონიტორინგთან დაკავშირებით) შემუშავებულ რეკომენდაციებს.

პალმის წითელი ცხვირგრძელა. აფხაზეთი, 2018 წ.

„წარმატება 100%-იანი იქნება. ამის მაგალითია სოხუმში არსებული პალმის ხეების მდგომარეობა. თუ 2018 წელს, როდესაც ქალაქში ეს პრობლემა კატასტროფულად იდგა და თითქმის ყოველდღე იჭრებოდა დიდი ხეები, დღეს თითქმის ყველა პალმა ნორმალურ მდგომარეობაშია: არ აქვთ ჩამოვარდნილი კენწეროები და არ ჭრიან მათ. ეს ყველაფერი მხოლოდ ბოლო ოთხი-ხუთი წლის მუშაობის შედეგია“, - ამბობს მიხეილ ქირია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის ენტომოლოგიისა და ინვაზიური სახეობების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.