ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის დელეგაცია ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის ხელმძღვანელობით.
ნოვაკი რუსეთის მთავრობაში „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“ კურირებს. მან ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში გარემონტებული ობიექტები დაათვალიერა.
რუსეთის დელეგაციამ მოინახულა ასევე ბიჭვინთაში სასტუმრო Москва Резорт-ის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია. "რეზორტი" 46,5 ჰექტარზე უნდა აშენდეს 2026 წლისთვის. 400-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო ზღვის სანაპირო ზოლზე უნდა განთავდეს.
ნოვაკი სოხუმის აეროპორტის დათვალიერებასაც გეგმავს, აეროპორტის აღდგენას დე ფაქტო მთავრობა რუსი ინვესტორების ჩართულობით აპირებს.
მდინარე ფსოუზე ე.წ. საზღვართან ნოვაკს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბაგრა გუნბა, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი“ ჯანსუღ ნანაბა, „ეკონომიკის მინისტრი“ კრისტინა ოზგანი, გაგრის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი იური ხაგუში და რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში მიხაილ შურგალინი დახვდნენ.
რუსეთის დელეგაციაში შედიან რუსეთის პრეზიდენტის ოფისის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების უფროსი იგორ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი.