რუსეთში მწერალ დმიტრი ბიკოვის წინააღმდეგ შეადგინეს ადმინისტრაციული პროტოკოლი, რადგან მის პუბლიკაციებს თან არ ერთვის "უცხოეთის აგენტის" აუცილებელი ნიშანი. სასამართლო სხდომა გაიმართება 23 ივნისს, მოსკოვში. ამის შესახებ წერს "მედიაზონა", თუმცა კონკრეტულად რომელ პუბლიკაციებზეა ლაპარაკი, ცნობილი არ არის.
"უცხოეთის აგენტის ვალდებულებების შეუსრულებლობა" ფინანსური ჯარიმით ისჯება. ბიკოვისთვის ეს პირველი ასეთი დარღვევა არ არის - გასული წლის ოქტომბერში ის უკვე დააჯარიმეს ამ მუხლით.
ასევე ნახეთ დმიტრი ბიკოვი: დავიმსახურე ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ ვამტკიცო, რომ კარგი რუსი ვარიუსტიციის სამინისტრომ დმიტრი ბიკოვი ე.წ. "უცხოეთის აგენტების" რეესტრში 2022 წლის 29 ივლისს შეიყვანა.
"უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონი რუსეთში 2012 წელს ამოქმედდა და იუსტიციის სამინისტროს უფლება მისცა, არაკომერციული ორგანიზაციები ეცნო "უცხოეთის აგენტებად", თუ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. კრიტერიუმები კანონში მკაფიო არ არის, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, დევნოს ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, ადამიანის უფლებების სფეროებში.
შემდგომში რუსეთში გაჩნდა შესაძლებლობა, "უცხოეთის აგენტებად" ეღიარებინათ მედიასაშუალებები და ფიზიკური პირები, მათ შორის ისიც, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებას არ იღებს, მაგრამ "იმყოფება უცხოეთის გავლენის ქვეშ". კონკრეტულად რა იგულისხმება უცხოეთის გავლენაში, ამას რუსეთის კანონები არ განმარტავს.