საფრანგეთის ქალაქ ანსიში მინიმუმ ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი პატარა ბავშვი, დაიჭრა დანით თავდასხმის შედეგად

საილუსტრაციო ფოტო

აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ ანსიში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი, მძიმედ დაშავდა დანით თავდასხმის შედეგად. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

მისი ვინაობა ზუსტდება და ჯერ არ დადასტურებულა. ტელეარხ BFMTV-ისა და სააგენტო AFP-ის წყაროების ცნობით, ეს არის სირიელი ლტოლვილი, რომელმაც თავშესაფარი ითხოვა საფრანგეთში.

თავდამსხმელის მოტივი უცნობია.

თავდასხმა დღეს დილით მოხდა ანსის ევროპის პარკში, სადაც სამ წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფი მომვლელებთან ერთად სეირნობდა.

შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელიზაბეტ ბორნი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს „აბსოლუტური ნაძირლობა“ უწოდა. „ბავშვები და ერთი ზრდასრული სიკვდილ-სიცოცხლეს შორის არიან. ერი შოკშია“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ტვიტერში.