ყაზახეთის, სომხეთისა და ჰონგ კონგის ბანკებმა სანქციების რისკის გამო დაიწყეს რუსეთში ელექტრონიკის მიწოდებისთვის გადახდების დაბლოკვა, იუწყება „კომერსანტი“ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ბანკები ბლოკავენ გადარიცხვებს სერვერების, ჩიპების, პროცესორების, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობისა და სხვა ელექტრონიკის მიწოდებისთვის. ბანკების ხელმძღვანელობას ეშინია აშშ-ის მიერ იმ ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაწესებული სანქციებისა, რომლებიც მომსახურებას ან ფინანსურ დახმარებას უწევენ რუსულ კომპანიებს.
ერთ-ერთმა წყარომ განმარტა, რომ რუსებს ელექტრონიკის შემოტანა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვა ნომენკლატურული კოდით მოუწევთ, მაგრამ რომლის მიხედვით, თანამოსაუბრეს არ დაუკონკრეტებია. „შეუძლებელია კომპონენტების, სათადარიგო ნაწილების, კომპიუტერების და ა.შ. შეძენა უშუალოდ მწარმოებელ ქვეყნებში, მესამე ქვეყნების გავლით კი ეს უფრო და უფრო რთულდება, ამიტომ ექვს თვეში ან ერთ წელიწადში შესაძლოა სანქცირებული პროდუქციის დეფიციტი შეგვექმნას. განაცხადა ლოგისტიკის კომპანია Optimalog-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გეორგი ვლასტოპულმა.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ამზადებს სანქციების მე-11 პაკეტს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს შვიდ ჩინურ კომპანიას. ისინი აწარმოებენ მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებსა და სხვა ელექტრონიკას. ასევე, სანქციების სიაში შეიძლება მოხვდეს ორი მწარმოებელი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და ერთი - სომხეთიდან. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ამ ფირმების პროდუქცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღის წარმოებისთვის.