ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებული ნიკოლოზ ლაჩაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 7 ივნისი, 2023 წელი

ნიკოლოზ ლაჩაშვილს, რომელსაც ყოფილი ცოლის, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის, განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა დღეს, 7 ივნისს, გაიმართა.

პროკურატურის განცხადებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული 4 ივნისს თბილისში მოხდა.

"ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო", - აცხადებენ პროკურატურაში.

ასევე ნახეთ ემუქრებოდა, შერიგებას სთხოვდა, 15 წლისა მომტაცა, 27 წლის მომიკლა - მოკლული მარიტას და

ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილი გუშინ, 6 ივნისს, დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს გაიმართება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2022 წელს 25 ქალი მოკლეს - 15 მკვლელობა ჩადენილია ოჯახური დანაშაულის, ხოლო 11 - არაოჯახური დანაშაულის ნიშნით. 37-ჯერ სცადეს ქალის მკვლელობა, საიდანაც 28 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.