მაიკ პენსმა ოფიციალურად გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ვაშინგტონი, 7 იანვარი, 2021.

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მონაწილეობას იღებს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. ის რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის იბრძოლებს.

63 წლის პენსი მე-11 რესპუბლიკელია, რომელმაც რბოლაში მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა. მის გარდა ნომინაციისთვის იბრძოლებენ 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის გუნდშიც იყო პენსი ვიცე-პრეზიდენტად არჩეული, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი და ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრის კრისტი.

პენსი 80 წლის განმავლობაში პირველი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც კენჭს იყრის იმ პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელთან ერთადაც იქნა არჩეული თეთრ სახლში. ბოლოს ეს მოხდა 1940 წელს, როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ნენს გარნერმა გამოაცხადა არჩევნებში მონაწილეობა პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტთან ერთად.

თუმცა, 7 ივნისს დილით კონსერვატიულ ტელეარხ Fox-ზე ნაჩვენები საარჩევნო კამპანიის პირველ ვიდეოში პენსმა თავი აარიდა ტრამპის კრიტიკას და გააკრიტიკა მხოლოდ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ჯო ბაიდენი, რომელიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყო.

რესპუბლიკური პარტიის წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ნომინაციისთვის რეალური ბრძოლა ტრამპსა და დესანტისს შორის წარიმართება, ხოლო დანარჩენი კანდიდატებისთვის ხმის მისაცემად მზად არ არის პარტიის მხარდამჭერთა 10 პროცენტიც კი. თუმცა, შიდაპარტიული არჩევნების, პრაიმერიზის, დაწყებამდე კანდიდატებს ჯერ კიდევ 8 თვე აქვთ დარჩენილი.