ვლადიმირში ჩინოვნიკმა "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა სამხედრო კომისარიატს

საილუსტრაციო ფოტო: საპროტესტო გამოსვლის მონაწილე "მოლოტოვის კოქტეილს" ისვრის ჰონგ-კონგში. 1 დეკემბერი, 2019.

რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ადგილობრივმა სახელმწიფო მოხელემ კომისარიატის ოფისის შენობას სამი მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ხანძარი ჩააქრო პოლიციამ, რომელიც შენობას იცავდა. მოხელე დააკავეს, მასთან გამომძიებლები მუშაობენ. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ ტელეგრამის არხები Baza და Shot.

მათი თქმით, სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა 55 წლის ჟანა რომანოვსკაიამ, ადგილობრივი არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს თანამშრომელმა. მას დამცავი ფერის ტანსაცმელი ეცვა, თან ჰქონდა ხუთლიტრიანი ქილა და ჩვრები. რატომ სურდა ჩინოვნიკს სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდება, ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მთელ რუსეთში დაიწყეს ცეცხლის წაკიდება სამხედრო კომისარიატებისთვის, პოლიციის განყოფილებებისთვის, ქალაქის ადმინისტრაციის შენობებისა და პარტია „ედინაია როსიის“ მისაღები პუნქტებისთვის. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ასეთი თავდასხმების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. დღემდე ცნობილია ცეცხლის წაკიდების მცდელობის ასამდე შემთხვევა.

ხანძრების შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. თავდაპირველად საქმეები განიხილებოდა სხვისი ქონების დაზიანებისა და ხულიგნობის შესახებ სისხლის სამართლის მუხლებით. მოგვიანებით, რუსეთის გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ სამხედრო კომისარიატების დაწვის შემთხვევები ჩაითვლება ტერორისტულ თავდასხმებად და დაისჯება15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირველი განაჩენი, რომლითაც სამხედრო კომისარიატის დაწვა ტერორისტულ თავდასხმად იქნა კვალიფიცირებული, 2023 წლის იანვრის ბოლოს გამოიტანეს.