WP: აშშ-მა ერთი წლის წინ იცოდა "ჩრდილოეთის ნაკადზე" კიევის თავდასხმის შესახებ

გაზის გაჟონვა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-დან. 27 სექტემბერი, 2022.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ დივერსიამდე სამი თვით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო ინფორმაცია ევროპელი მოკავშირისგან, რომ უკრაინელი სამხედროები შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის უშუალო ზედამხედველობით გეგმავდნენ თავდასხმას გაზსადენზე. ამის შესახებ Washington Post-ი წერს პენტაგონის დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ინტერნეტში ფართომასშტაბიანი გაჟონვის დროს მოხვდა.

გაჟონვის თანახმად, თავდასხმა არ განხორციელებულა ვაშინგტონისთვის ცნობილ ვადებში. თუმცა, მოგვიანებით მომხდარი გაზსადენის აფეთქება იმგვარად იყო ორგანიზებული, რომ ახლოს იყო დაზვერვის მიერ მოპოვებულ გეგმასთან.

სავარაუდო გეგმის დეტალები, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი, შეაგროვა ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა და 2022 წლის ივნისში გადასცა დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს (CIA). თავის მხრივ, CIA-მ დოკუმენტი გადასცა გერმანიას და სხვა ევროპელ მოკავშირეებს. დაზვერვის ანგარიში ეყრდნობოდა უკრაინის წყაროდან მიღებულ ინფორმაციას. ის შეიცავს დღემდე ყველაზე კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლებიც შეიძლება უკრაინის მთავრობას ბალტიის ზღვაში მომხდარ თავდასხმას უკავშირებდეს, წერს გამოცემა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კიევის მიერ მომზადებული ოპერაციისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის უნდა ეხელმძღვანელა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ იცოდა ამის შესახებ, რაც, გამოცემის თანახმად, მას საშუალებას მისცემდა დამაჯერებლად უარეყო თავდასხმასთან კიევის კავშირი, რასაც შეიძლება საზოგადოების აღშფოთება გამოეწვია დასავლეთში და საფრთხე შეექმნა უკრაინის მხარდაჭერისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება გერმანიას, რომელიც ომამდე ბუნებრივი აირის ნახევარს რუსეთიდან იღებდა და დიდი ხნის განმავლობაში იცავდა „ჩრდილოეთის ნაკადის“ პროექტს.

გაზეთის ცნობით, თავდაპირველად ოპერაციის ჩატარება იგეგმებოდა ბალტიის ზღვაში დასავლეთის ქვეყნების მსხვილი საზღვაო წვრთნების დასრულებისთანავე, რომელიც 2022 წლის ივნისში ჩატარდა. იმდროინდელი უკრაინული წყაროს ცნობით, რომლის მიმართაც დასავლური დაზვერვა ნდობით განწყობილი ჩანდა, ექვს უკრაინელ სპეცრაზმელს ყალბი პასპორტებით უნდა დაექირავებინა იახტა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, შემდეგ კი მყვინთავის აღჭურვილობით ჩასულიყო გაზსადენამდე და დაენაღმა ის. თუმცა, საბოლოოდ ოპერაცია „შეჩერდა“ მიზეზებით, რომლებიც დღემდე გაურკვეველია.

როგორც მოგვიანებით გაარკვიეს გერმანელმა გამომძიებლებმა, რომლებიც გაზსადენებზე მომხდარ აფეთქებებს იკვლევენ, დაახლოებით ასეთივე გეგმა განხორციელდა, ოღონდ სექტემბერში, იხსენებს გამოცემა.

The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ ივნისის ოპერაციის გეგმა ამავე დროს განსხვავდება იმისგან, რაც საბოლოოდ მოხდა. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ზე იყო დაგეგმილი.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ადრე არაერთხელ უარყვეს გაზსადენების აფეთქებაში კიევის მონაწილეობა, არ უპასუხეს გამოცემის შეკითხვას. თეთრმა სახლმა და CIA-მ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

2022 წლის სექტემბრის ბოლოს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენების ოთხიდან სამი ხაზი დაზიანდა. შვედეთის, დანიისა და გერმანიის გამოძიებებმა აჩვენა, რომ გაზსადენები აფეთქდა, მაგრამ დამნაშავე ჯერ კიდევ დგინდება.

რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ავარიით დაინტერესებული არიან შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები.

რიგ დასავლურ მედიასაშუალებაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქებები შეიძლება ყოფილიყო ორგანიზებული პროუკრაინული ჯგუფის მიერ, რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან. აფეთქებებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ არაერთ სხვა გამოცემაშიც საუბრობდნენ. ამერიკული მედია თავის მხრივ წერდა, რომ აშშ-ის დაზვერვას არ გააჩნდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ინციდენტთან რუსეთის შესაძლო კავშირზე.

ოფიციალურად, დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ ეს, რა თქმა უნდა, დივერსიაა, მაგრამ ვინ დგას ამის უკან, ჯერჯერობით უცნობია.