რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ფოტო არქივიდან: ერგნეთის მიმდებარე ტერიტორია

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებული ადგილობრივი მცხოვრები არ არის და ის საოკუპაციო ხაზთან თბილისიდან იყო ჩასული.

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - წერია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს 8 მოქალაქე.