ევპატორიის მერიისთვის ცისფერი და ყვითელი საღებავების შესხმისთვის ხელოვანს 15 წელი მიუსაჯეს

ყირიმელი ხელოვანი ბოჰდან ზიზა

დონის როსტოვში სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ საერთო რეჟიმის კოლონიაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მხატვარ-აქციონისტ ბოჰდან ზიზას, რომელმაც ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ევპატორიის ადმინისტრაციის შენობას ლურჯი და ყვითელი საღებავები შეასხა. პირველ ოთხ წელს ის ციხეში გაატარებს. ამის შესახებ გამოცემა "გრატი" იუწყება.

პროკურორმა ზიზასთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 18 წლით პატიმრობა მოითხოვა.

მხატვარი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმის გამართლებაში, ტერორისტული თავდასხმის მომზადებასა და პოლიტიკური შუღლის საფუძველზე ვანდალიზმში.

დასკვნით სიტყვაში მან განაცხადა, რომ 10 ივნისს დაიწყებს შიმშილობას და მოითხოვს რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას, რომელიც მან ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო. მხატვარმა ცალკე აღნიშნა, რომ ის კრძალავს მის იძულებით კვებას.

ბოჰდან ზიზა ევპატორიაში დააკავეს 2022 წლის 16 მაისს. გამომძიებლების თქმით, მან ევპატორიაში ქალაქის ადმინისტრაციის შენობის ფასადს და კარებს ყვითელი და ლურჯი საღებავები შეასხა. FSB ამტკიცებს, რომ მან ასევე ფანჯარაში ისროლა მოლოტოვის კოქტეილი, მაგრამ აალებადი ნარევი ჩაქრა და ხანძარი არ მომხდარა.

მხატვრის დაკავების შემდეგ ტელეკომპანია Krym 24-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს ბოჰდან ზიზას უწოდებს, აღიარებს თავის საქციელს. მოგვიანებით ზიზამ თქვა, რომ ჩაწერამდე პოლიციამ ის სცემა.

შარშან ზაფხულში ბოჰდან ზიზა ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანეს.