მაიკ პენსმა განაცხადი წარადგინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ვაშინგტონი, 7 იანვარი, 2021.

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე განცხადებით მიმართა ფედერალურ საარჩევნო კომისიას.

პენსი წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის კონკურენციას გაუწევს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

Reuters-ის ცნობით, 63 წლის მაიკ პენსი აპირებს თავისი კანდიდატურა საჯაროდ გამოაცხადოს 7 ივნისს აიოვაში გამოსვლისას.

მაიკ პენსი იყო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დონალდ ტრამპის დროს, რომელსაც ის მხარს უჭერდა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის არეულობებამდე, როდესაც ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ კონგრესის შენობაში, რათა ხელი შეეშალათ არჩევნების შედეგების დადასტურებისთვის. აპრილში პენსმა ჩვენება მისცა დონალდ ტრამპის მიერ 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების სავარაუდო მცდელობებზე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გამოძიების მთავარ მოწმედ ითვლება.