საქართველოს კინოცენტრის თანამშრომლებმა დღეს, 5 ივნისს, განცხადება გაავრცელეს, რომლითაც დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ "წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, კინოცენტრი გახდეს საზოგადოებისათვის დახურული ორგანიზაცია".
განცხადება კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა ამ დროისთვის აღარ იძებნება.
"ბოლო წლებში, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის იმიჯი შელახულია და საზოგადოების ნაწილის ნდობა კინოცენტრისადმი საკმაოდ შერყეულია.
ვინაიდან ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ნებისმიერ ადამიანთან დამოკიდებულება, გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლოდროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებულ პირებს შორის ღია თანამშრომლობით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ კინოცენტრი გახდეს საზოგადოებისათვის დახურული ორგანიზაცია, რომელიც კარგავს შეხების წერტილს დარგის წარმომადგენლებთან და წყვეტს გულწრფელ კომუნიკაციას საზოგადოებასთან", - ნათქვამია კინოცენტრის თანამშრომლების ღია წერილში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შექმნის დღიდან ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუციაა საქართველოში, რომელიც ქართული კინოს განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მთავარი ხელშემწყობია:
"ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას წარმოადგენს, კინოს წარმოების, ფესტივალების, თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსება და კინოს პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. წლების განმავლობაში კინოცენტრის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების კულტურულ განვითარებას, ხელოვანების თვითგამოხატვის თავისუფლებას და ქართული კულტურის საზღვრებს გარეთ გატანას".
ასევე ნახეთ კინოცენტრის თანამშრომლები კინოცენტრის განცხადებას ემიჯნებიანსაქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფეისბუკის გვერდზე 2 ივნისს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გეგმავენ გადახედონ თბილისის კინოფესტივალის დაფინანსების საკითხს. ამის მიზეზად კინოცენტრი ასახელებს გოეთეს ინსტიტუტის მიერ კინოფესტივალის ხელმძღვანელისა და კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩხეიძე კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.
ეს სტატია გოეთეს ინსტიტუტის მიუნხენის ოფისშია მომზადებული და ეყრდნობა ჩხეიძის მიერ სხვადასხვა დროს მედიაში გაკეთებულ განცხადებებს. გოეთეს ინსტიტუტმა გაგა ჩხეიძის შესახებ მასალა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მას კულტურულ ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილისთვის გოეთეს მედალი გადაეცა.
კინოცენტრი თავის განცხადებაში საეჭვოდ მიიჩნევს გაგა ჩხეიძის წვლილს კულტურის სფეროში, გოეთეს ინსტიტუტს კი "ფარისევლურ, ცრუ და ყოვლად მიუღებელ ბრალდებებში" ადანაშაულებს.
"სამწუხაროდ, სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოსდა გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდამჭერი საჯარო პოზიციისათვის. ამგვარი უტიფარი სიყალბე უსაფუძვლოდ აყენებს ჩრდილს კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის რეპუტაციას, და მან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და დააბნიოს საზოგადოება.
ზემოაღნიშნული ცრუ და ყოვლად მიუღებელი ბრალდებების ფონზე, კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე", - ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში. ამავე ტექსტში განმარტებულია, რომ გაგა ჩხეიძის ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა, რომლის საფუძველზეც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
კინოფესტივალის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ დაფინანსების გარეშე, მხოლოდ კერძო სექტორის სახსრებით ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელია.
ასევე ნახეთ "აღვიქვამ პიროვნულ დევნად" - გაგა ჩხეიძე კინოცენტრს პასუხობს