კრემლი „სიყალბეს“ უწოდებს ვლადიმირ პუტინის „მიმართვას“, რომელიც რუსეთის ფედერაციის როსტოვის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში რადიოთი გადაიცემოდა და რომელშიც ის რუსეთის მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებდა, ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის შემოჭრის გამო და აცხადებდა მობილიზაციას.
პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, „ეს არის უკანონო შეღწევა“ და სპეციალისტები ვითარებას უკვე აკონტროლებენ.
„დიახ, ეს იყო ნამდვილად უკანონო შეღწევა, ვიცით. ახლა შესაბამისი უწყებები სასწრაფოდ აცნობებენ მაუწყებლებს, მაგრამ კონტროლი უკვე აღდგენილია“, - განუცხადა "რია ნოვოსტის" პესკოვმა.
რუსული მედიის ცნობით, სულ ცოტა სამი ქალაქის რადიოეთერით გადაიცემოდა „პუტინის საგანგებო მიმართვა“, რასაც კრემლმა მოგვიანებით „ფეიკი“ უწოდა. მიმართვაში საუბარი იყო „საყოველთაო მობილიზაციასა“ და რუსეთის სასაზღვრო რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე.
„რუსებო, თანამოქალაქეებო, ძმებო და დებო. დღეს დილის ოთხ საათზე, ნატოს ბლოკის მიერ ვაშინგტონის თანხმობითა და მხარდაჭერით, შეიარაღებული უკრაინის ჯარები კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ჩვენი მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ აგრესორის ძალებს. კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე ჩემი განკარგულებით შემოღებულია საომარი მდგომარეობა. დღესვე ხელს მოვაწერ განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ“, - ციტირებს "მედუზა" პუტინის „ყალბი“ მიმართვის ტექსტს.
რუსეთის რეგიონული ხელმძღვანელები მიიჩნევს, რომ მიმართვა პანიკის დათესვას ისახავდა მიზნად.
რუსეთის რეგიონებში სულ უფრო გახშირდა, მათ შორის დრონებით თავდასხმები. რუსეთის ხელისუფლება ადანაშაულებს უკრაინის არმიას, რომლის სარდლობა, როგორც წესი, მსგავს ბრალდებებს უკომენტაროდ ტოვებს.