სახაჭაპურე „რეტროს“ ბათუმის ფილიალის თანამშრომელი თეონა შაინიძე ამბობს, რომ ვიდეო, რომელშიც თანამშრომელზე სახაჭაპურის მეპატრონის ძალადობა ჩანს, 3 ივნისსაა გადაღებული. ვიდეო ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტელეფონით სამსახურებრივ კრებაზე გადაიღო, რათა ვითარების დოკუმენტირება მოეხდინა. თეონა შაინიძის თქმით, „რეტროს“ მეპატრონე თანამშრომლებისადმი უხეში დამოკიდებულებით მანამდეც გამოირჩეოდა და კრებებზე მათ ლაპარაკის უფლებას არ აძლევდა.
“ვერ ვამტკიცებდით მის ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ამიტომ ვიდეოზე გადაღება გადავწყვიტეთ. კონფლიქტით მოდიოდა, გვიყვიროდა, გვლანძღავდა. სტუმრებიც გვეკითხებოდნენ, ეს ბატონი ვინ არის, რატომ ყვირის ასე ხმამაღლაო. ხშირი, ბევრი იყო ასეთი შემთხვევები“, - უყვება თეონა შაინიძე რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, 3 ივნისს ჩატარებულ კრებაზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ „რეტროს“ თანამშრომელთა უმრავლესობა სამსახურიდან წავიდა. კონფლიქტის მიზეზი კი, მისივე თქმით, შრომის ანაზღაურების უსამართლო გადანაწილება გახდა - ერთ პრაქტიკანტ მიმტანს ხელფასი გადაუხდეს, მეორეს კი - არა.
„ჩვენთან ასეთი სისტემა იყო, პრაქტიკანტი მიმტანები არ იღებდნენ „ჩაის“, ვიდრე შტატში არ ჩასვამდნენ. თუმცა იმ დღეს, ქართველი პრაქტიკანტისგან განსხვავებით, ერთი დღის [მოსულმა] რუსმა პრაქტიკანტმა მიმტანმა თანამშრომლების მსგავსად აიღო ანაზღაურებაც და „ჩაიც“, რაც უსამართლოდ მივიჩნიეთ და ჩვენი აზრიც დავაფიქსირეთ, რომ თუ წესია, ყველასთვის ერთი იყოს ან რატომ აქვს რუსს მეტი პრივილეგია და ჩვენ - არა“.
თეონა ჰყვება, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა მეპატრონის ამ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა, პასუხად კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიიღო:
„პირდაპირ ცემაზე გადავიდა - ხელი ჰკრა, გარეთ გააგდო და შემდეგ კედლისკენ გადააგდო. ჩვენ ვცდილობდით სიტუაციის განმუხტვას და გაშველებას“, - ჰყვება „რეტროს“ ყოფილი თანამშრომელი.
მისივე ინფორმაციით, რამდენმა თანამშრომელმა დატოვა სახაჭაპურე, ზუსტად არ იცის. ახლა ყოფილი თანამშრომლები ადვოკატთან კონსულტაციას გადიან. მათი ნაწილი პოლიციაში დილიდან გამოკითხვაზე იმყოფება.
პოლიციამ "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ძალადობის ბრალდებით 4 ივნისის ღამეს დააკავა.
ასევე ნახეთ ბათუმში რესტორან "რეტროს" მფლობელი მიმტანის ცემის ბრალდებით დააკავესდაკავებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომლებშიც ასახული იყო რესტორნის მფლობელსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია. კადრები ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. მათი ინფორმაციით, თეიმურაზ ვარშანიძემ სამსახურიდან 25 ადამიანი გაათავისუფლა. ვიდეო დაახლოებით 3-წუთიანია, იგი სრულდება უკმაყოფილო თანამშრომელზე ძალადობით.