უკრაინა: შეტევის შესახებ წინასწარ არ გამოცხადდება

ოლექსი დანილოვი, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

უკრაინა წინასწარ არ გამოაცხადებს იმ შეტევის დაწყების თარიღს, რომელსაც ფრონტზე ნებისმიერ დროს ელიან. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა იტალიაში გამომავალ Corriere della Sera-ს ინტერვიუში უთხრა, რომ უკრაინელი სამხედროების ტაქტიკა მუდმივად იცვლება და ისინი კონტრშეტევას დაიწყებენ მაშინ, როცა საამისოდ საუკეთესო მომენტი დადგება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა კვირას გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც უკრაინელი სამხედროები გამოდიან სიჩუმის შენარჩუნების მოწოდებით. ჩანაწერი მთავრდება სიტყვებით": "გეგმებს სიჩუმე უყვარს. დაწყების შესახებ განცხადება არ იქნება".

უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა რამდენიმე განცხადება, რომლებიც მიემართებოდა უკრაინის არმიის მხრიდან შეტევის საკითხს - მან განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან საომარი მოქმედებებისთვის, თუმცა მისთვის რთულია შეტევის დაწყების თარიღის დასახელება.

ტელეგრამზე რუსული არხები, რომლებიც უკრაინაში ომს აშუქებენ, კვირას წერდნენ უკრაინელი სამხედროების მხრიდან დარტყმაზე ველიკაია- ნოვოსიოლკის დასახლების არეალში, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების საზღვარზე. ამ არხების თანახმად, უკრაინის ძალებმა შეძლეს დაეკავებინათ ორი დასახლებული პუნქტი ველიკაია-ნოვოსიოლკიდან სამხრეთით. ამავეს წერენ უკრაინის რიგი არხები.

რუსეთის სხვა ინტერნეტ-წყაროები წერენ უკრაინელი სამხედროების "ტაქტიკურ წარმატებაზე", თუმცა აღნიშნავენ, რომ თავდაცვის გარღვევა არ შედგა და შეტევის მხარემ ტექნიკური დანაკარგები განიცადა.

ომის მიმდინარეობის პირობებში გავრცელებული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.