უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში, რუსეთის იერიშს ბავშვი ემსხვერპლა

დნეპროპეტროვსკი რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 2023 წლის 26 მაისი

ორი წლის ბავშვი ემსხვერპლა რუსეთის საჰაერო თავდასხმას უკრაინის ცენტრში მდებარე ქალაქ დნეპროპეტროვსკზე, დედაქალაქ კიევზე რუსეთის მხრიდან დრონებით და რაკეტებით მიტანილი იერიში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, აცხადებს უკრაინის მხარე 4 ივნისს.

დნეპროპეტროვსკში, საცხოვრებელ უბანში, რუსეთის მიერ ღამით მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა კიდევ 22 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი, იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.

ასევე ნახეთ ზელენსკი: ომს, სულ მცირე, 500 ბავშვი ემსხვერპლა

ბოლო კვირებში გახშირდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო თავდასხმები არსებული მოლოდინის ფონზე, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა შესაძლოა, მალე კონტრშეტევა დაიწყონ იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეჭრის შემდეგ აკონტროლებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ უკრაინის ძალები მზად არიან კონტრშეტევისთვის.

მოგვიანებით ზელენსკიმ დაგმო რუსეთი, დნეპროპეტროვსკზე საჰაერო შეტევისთვის.

"რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა. რუსები პასუხს აგებენ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს", - დაწერა ზელენსკიმ 3 ივნისს, გვიან ღამით ფეისბუკზე.