4 ივნისს, გამთენიისას, უკრაინის ანტისაჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის ხუთი დრონიდან სამის, ხოლო და ექვსი ფრთოსანი რაკეტიდან ოთხის განადგურება შეძლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დრონები გაშვებულია ბრიანსკის ოლქიდან, ხოლო ფრთოსანი რაკეტები უკრაინას რუსეთმა ТУ-95мс-ის ტიპის თვითმფრინავებიდან დაუშინა.
უკრაინის არაერთ ოლქში საჰაერო განგაში შუაღამისას გამოცხადდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მისადგომებთან მუშაობდა ანტისაჰაერო სისტემა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ 4 ივნისს დილით განაცხადა, რომ კიევისკენ გაშვებული ყველა რაკეტა განადგურებულ იქნა ჯერ კიდევ დედაქალაქის შორ მისადგომებთან.
„გულწრფელი მადლობა ანტისაჰაერო თავდაცვას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის“, - აღნიშნულია პოპკოს განცხადებაში. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა ასევე, რომ რუსეთმა რაკეტები ისროლა იმის მიუხედავად, რომ კვირას მართლმადიდებელი სამყარო წმინდა სამების დღეს აღნიშნავს.
წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლია დნეპროპეტროვსკში. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან ღამის თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა და კიდევ 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ლისაკი იტყობინება, რომ ნაწილობრივ დაინგრა ორი ორსართულიანი სახლი, ხოლო კიდევ ათი - დაზიანდა. ასევე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, მაღაზია და ავტომობილი.