სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 3 ივნისს ათი ათასობით მოქალაქემ მოიყარა თავი, ბოლო კვირებში გამართული რიგით მეხუთე ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.
აქციები მოჰყვა მაისის დასაწყისში მასობრივი მკვლელობის ორ შემთხვევას, რომლებსაც 18 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. დაღუპულთა ნახევარი ბელგრადის სკოლის მოწაფეები იყვნენ. ერთ შემთხვევაში მსროლელი თავადაც 13 წლის მოწაფე იყო.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგს "სერბეთი ძალადობის გარეშე" და მთავრობას ბრალს სდებდნენ ძალადობის კულტურის წახალისებაში, ისევე, როგორც უიმედობისა და გახლეჩილობის ატმოსფეროს შექმნაში.
"ფაქტი, რომ თქვენ, ახალგაზრდები, ქუჩებში გახვედით მკაფიო მესიჯით, რომ აღარ იცხოვრებთ ამ დაავადებულ საზოგადოებაში, აჩენს იმედს, რომ შესაძლოა საკუთარ თავზე ავმაღლდეთ" - უთხრა პოპულარულმა მსახიობმა, დრაგან ბიელოგრლიჩმა დამონსტრანტებს.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ სამაუწყებლო ლიცენზიების ჩამორთმევას იმ სატელევიზიო და რადიოსადგურებისთვის, რომლებიც ძალადობას წაახალისებენ, და იმ სამთავრობო გამოცემების დახურვას, რომლებიც გამოდიან ძალადობის მოწოდებებით პოლიტიკური დისიდენტების წინააღმდეგ. დემონსტრანტების მოთხოვნებს შორის იყო ასევე სამაუწყებლო მედიის მარეგულირებელი საბჭოს წევრთა გადადგომა.
ოპოზიციის წარმომადგენლები 53 წლის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს წლებია ადანაშაულებენ ავტორიტარიზმისკენ გადახრაში და უხეში მეთოდების გამოყენებაში ოპოზიციის ფრაგმენტირებისა და სახელმწიფო მედიის გაკონტროლების მიზნით.